|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თაღლითური სქემით ქალაქის გადათხრას და მილიონების მოტეხვას აპირებენ"

ქუთაისში წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია „SMK” კვლავ პროტესტის მიზეზი გახდა. პარტია „თავისუფალი საქართველო“ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას ეწინააღმდეგება. პარტიის წევრების განცხადებით,  „SMK” სამუშაოს უხარისხოდ ასრულებს, რის გამოც თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება.

პარტიის წევრები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

„თურქულ კომპანიას გადაუგრძელეს ხელშეკრულება და 24-საათიანი წყალმომარაგება კიდევ რამდენიმე წელი არ გვექნება. ნაცვლად იმისა, რომ დააჯარიმონ და ხელშეკრულება გაწყვიტონ,  კვლავ აძლევენ თანხის არამიზნობრივი ხარჯვის უფლებას. კომპანია უხარისხოდ ასრულებს სამუშაოებს, ამასთან, შემოტანილი მილები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და არ ხდება მისი მონიტორინგი. კომპანიის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ხშირად ხდება დაზიანება, რისი გამოსწორებაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ მუშებს უწევთ“, - აცხადებს გოგი წულაია.

წულაიას თქმით, მართალია მერიამ „SMK” დააჯარიმა, თუმცა რეალურად, პრობლემით არ ინტერესდება.

„მოვისმინეთ როგორი ბაქი-ბუქი ატეხა მერიამ „SMK”-სთან დაკავშირებით და როგორ  დააჯარიმა, რომ არა ვადებში და უხარისხოდ კეთდება, ეს იყო უბრალოდ პიარი, რადგან ისევ გაუგრძელეს მათ ხელშეკრულება და თაღლითური სქემით აპირებენ ქალაქის გადათხრას და მილიონების მოტეხვას. მურღულიამ რაც მოტეხა, მოტეხა, ახლა ამ საქმეზე ჭიღვარია გადავიდა.

მისი თქმით, დაბალი ხელფასების გამო  წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის  ფილიალის თანამშრომლები გაფიცვის ზღვარზე არიან, ამ დროს კი კომპანია თბილისში 12 მილიონიან შენობას იშენებს.

 გოგი წულაია ასევე მოითხოვს,  წყალმომარაგების საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობის კომნპეტენციაში გადმოვიდეს.

 ბრალდებას არ ადასტურებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაგრძელებას ობიექტური მიზეზები ქონდა, რას გამოწვეული იყო დამატებით სამუშაოებით.

„არანაირიად არ მოხდება გზების დამატებით გადათხრა. ხელშეკრულების გაფორმებას ქონდა ობიექტური მიზეზები, დამატებითი უბნების დაქსელვის სამუშაოები მიმდინარეობს, ამასთან მუნიციპალიტეტის მომართვით, კორპუსების შიდა სისტების მოწესრიგება ხდება, რაც დროსთან არის დაკავშირებული. ქუჩებზე სამუშაოების 95% თითქმის შესრულებულია, რაც შეეხება უხარისხოდ შესრულებას, ვერც აქ დავეთანხმებით, რადგან პრობლემების აღმოფხვრა ისევ ამ კომპანიის მიერ ხდება, თუმცა პარალელურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლებიც. ასევე ტყუილია ,თითქოს მილები უხარისხოა,  ჩვენ სერთიფიცირებული მილების შემოტანას ვახდებთ და ეს არის არაკეთილმოსურნეების ქარიშხალი ჭიქაში“-განაცხადა ზაზა სახარულიძემ. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები გასულ თვეში  გაეზარდათ.

წულაიას ბრალდებას მერიაში არ პასუხობენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა