|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გავა წლები და ეს ბავშვები თავად ესტუმრებიან თოვლის ბაბუებად საქართველოს"

12 იანვარს, ფილადელფიაში არსებულმა "ქართული კულტურის ცენტრმა" საახალწლო კონცერტი გამართა. მეგონა, დასაწყისს მივუსწრებდი, მაგრამ ოცი წუთი დავაგვიანე. თუმცა ამ ფაქტმა არ დამაბნია, მეგობარს დავურეკე, მესენჯერი ჩაერთო, სანამ ადგილზე მივიდოდი, რომლის დახმარებითაც კონცერტს ვუყურებდი. პატარა ქართველი ბავშვების ჭიკჭიკა ხმები მესმოდა, როგორ ჰყვებოდნენ ლექსებს ქართულად.

მეხუთე წელია, რაც ფილადელფიაში ვცხოვრობ და ჩემს თვალწინ დაბადებული ბავშვები უკვე ქართულ ლექსებს ჰყვებიან, მშობლები კი, რა თქმა უნდა, სიყვარულით უსმენენ. ასევე შესამჩნევი იყო მეუფის კმაყოფილებითა და ბედნიერებით სავსე ღიმილი, იყო ლამაზი ნაძვის ხე და ქართველი თოვლის ბაბუა, რომელმაც საქართველოდან დიდი სითბო და სიყვარული ჩამოუტანა პატარებს...

დიახ, ასე გამოაცხადეს წამყვანებმა, თოვლის ბაბუა საქართველოდან ჩამოვიდაო. ვინ იცის, იქნებ, მართლაც დაიჯერეს ბავშვებმა, რომ თოვლის ბაბუა საქართველოდან სპეციალურად მათთვის ჩამოვიდა. გავა წლები და თავად ესტუმრებიან საქართველოს თოვლის ბაბუებად, ბევრ პატარას გაახარებენ და ბევრ კეთილ საქმეს გაუკეთებენ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია.

ჩემთვის ასევე ემოციური აღმოჩნდა ცეკვა "აფხაზური". იქვე, დარბაზთან, ჟურნალისტი ნარგიზა ბენიძე შევნიშნე, თმაჭაღარა ქალბატონი აფხაზეთიდანაა. მას პატარა საქართველოს ვეძახი, როდესაც ვნახულობ, გულში თბილად ჩამიკრავს ხოლმე და გამუდმებით აფხაზეთზე მესაუბრება. მისი შვილიშვილი აფხაზურს ცეკვავდა, ბებია კი ჩუმად იწმენდდა ცრემლებს, რადგან ვერ შემოუნახა აფხაზეთის მიწისა და მდელოს სურნელი შვილიშვილს, რომელმაც ინტერნეტის საშუალებით შეიყვარა აფხაზეთი და ფანდური...

კონცერტის შემდეგ მეუფემ პატარები და მთელი საქართველო დალოცა. შეიძლება, იმ დღეს კიდევ ბევრი რამ იყო დასამახსოვრებელი, მაგრამ მე რაც აღვნიშნე, ეს ჩემი ემოციის ამაფორიაქებელი იყო. ისე ამაფორიაქა, ღამე იმაზე ვფიქრობდი, რა გვეშველება, როდესაც შევძელით ვირტუალური საქართველოს შექმნა შევძელით და აქ, უცხო მიწაზე ვიპოვეთ სულის საკვები, რასაც ქართული ეკლესია ჰქვია. 

მაშინ, რა ან ვინ გვაიძულებს სამშობლოში დაბრუნებას? ამ შეკითხვას ერთ-ერთი ემიგრანტის ენით ვუპასუხებ, რომელიც აუცილებლად საქართველოში დასაფლავდება, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი მიზეზი იქნება თავისი შვილების სამშობლოში ჩასვლისა.

არ მინდა, საახალწლო განწყობა სევდიანად დავამთავრო და მსურს, იმედით ვთქვა, რომ ეროვნული სული ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა ქართველ ემიგრანტებში. ბავშვები ქართულად საუბრობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ენის შენარჩუნებაა, ხოდა დანარჩენს "თოვლის ბაბუა" მიხედავს...

 

ლელა ვაშაკიძე, 14 იანვარი, 2019 წელი

  

 

ავტორი: ნიუპრესი