|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაყირა გაკრული "ოცნების" კანდიდატები ქუთაისში

"ქართული ოცნების"  მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიასა და  კახიანოურის მაჟოპრიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე არჩაიას სარეკლამო პლაკატები თავდაყირა არის გაკრული. ფოტოებს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე აქვეყნებს. მისი თქმით, აღნიშნული მათი პარტიის წარმომადგენელმა კახიანოურის მუნიციპალიტეტში გადაიღო.

თევდორაძის თქმით, მდიდარი საარჩევნო გამოცდილების მიუხედავად, მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს: "გოგი წულაიას ფრთიანი ფრაზა - "დროშა ვერ დაკიდენ" ახლა "პლაკატები ვერ დაკიდენ"-ში გადაიზარდა. არ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ ეს მათ სპეციალურად გაუკეთა, ან ფულის გამო შეკრებილი პარტიული აქტივისტების მიერ უგულოდ და დაუდევრად შესრულებული სამუშაოა. შევეჩვიეთ, რომ ყველაფერს უგულოდ აკეთებს ეს ხალხი"-განაცხადა თევდორაძემ. 

ფაქტს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბი გამოეხმაურა.  

"აშკარაა, ჩვენი ოპონენტები ისევ განაგრძობენ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ალოგიკურ და უსუსურ თამაშებს. რამდენჯერმე ჩვენი ბანერები დააზიანეს და ახლა ფოტოების პირუკუ დაკიდება მოიფიქრეს. ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც უსუსური და სასაცილოა"-განაცხადა "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა ლატარიამ.

ავტორი: ნიუპრესი