ირაკლი ალასანია ქუთაისის ორგანიზაციაში გატარებულ საკადრო ცვლილებას აფასებს
"მათ ჰქონდათ სიახლის მიღების და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პრობლემა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
პარტიის ლიდერმა „ნიუპრესთან“ იმ საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრა, რაც ქუთაისის ორგანიზაციაში გასულ თვეში განხორციელდა. მისი განცხადებით, პარტია შვიდი წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მუდმივ რეჟიმში ვითარდება და მრავალფეროვანი ხდება, რისთვისაც ახალი კადრები და ახალგაზრდა ძალაა საჭირო. ძველი კადრები კი პარტიასთან ვერ თანამშრომლობდნენ. „ჩვენ გვჭირდება ახალი ძალები და ბუნებრივია, ამის წინააღმდეგ არავინ უნდა წავიდეს და ვინც გადაუხვევს ამ გზას, აქვს უფლება დარჩეს, ან წავიდეს. სწორედ სიახლე იყო ერთ-ერთი ფაქტორი ქუთაისის ორგანიზაციაში გატარებული ცვლილებისა. ჩვენ ცვლილება გვინდოდა და სიახლის მიუღებლობა იყო პრობლემა. მათ ჰქონდათ სიახლის მიღების და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პრობლემა“, -აცხადებს ალასანია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის ორგანიზაციაში საკადრო ცვლილება იანვარში მოხდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელად გოგი ხაზარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე მამუკა ხურციძე შეცვალა. ეს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების პროტესტის მიზეზი გახდა. მათ პარტიის წინააღმდეგ სასამართლოსაც კი მიმართეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი