|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი ზონის" აქტივისტების პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი ზონის" აქტივისტების საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე, რომელიც  დღეს, 15 საათზე განახლდა, მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით მოწმეები  იკითხება.

"თავისუფალი ზონის" სამი წევრი, ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია 2 ოქტომბერს პარლამენტთან გამართული აქციის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. მათ სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ამჯერად კი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძეს და  კახა გაბუნიას ბრალი სსკ-ს   239-ე მუხლით წარედგინათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ  დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის შეურაცხყოფის მიყენებისათვის ასამართლებენ.

პროცესს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კობა სუბელიანი და  გიორგი თევდორაძე ესწრებიან. მათი განცხადებით, აბსურდული ბრალდების გამო სასამართლო ჩიხშია შესული.

"გამოძიება ჩიხშია შესული და აბსურდული მიზეზების გამო მოსამართლე ვერ ახერხებს განაჩენის გამოტანას. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კრიმინალია და რეალურ დანმაშავეებს ციხიდან უშვებენ, ადამიანებს, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვიან, ბრალდებებს უყენებენ. ვიმედოვნებთ, რომ  მოსამართლე არ გაითვალისწინებს პროკურატურის ზეწოლას და ამ ბიჭებს პატიმრობას არ მიუსჯიან",–განაცხადა კობა სუბელიანმა. 

გია თევდორაძის თქმით, პროკურატურა დაკავებულებისგან აღიარებას მოითხოვს, რომ არსებული ჩიხიდან გამოსვლა მოახერხონ. ასევე აცხადებს, რომ ეს არის საქმე, რომელსაც შეიძლება ეწოდოს: "ბიძინა ივანიშვილი ნარსიას, დეისაძის, გაბუნიასა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ".

დაკავებულების შესახებ დღეს პარლამენტში განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც მათ ,,სინდისის პატიმრები" უწოდა. "ეს არ არის გზა დემოკრატიისკენ,"- განაცხადა  წიკლაურმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი