კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის გამო, მკაცრი რეკომენდაციაა, რომ გარე სივრცეებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქალაქეებმა პირბადეები ატარონ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადეების ტარების საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

„მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ.

ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების - შსს-სა და შრომის ინსპექციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებასა და მითითებისთვის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.