|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეა ფურცელაძე -ქართველი მომღერალი, რომელმაც ანდრეა ბოჩელისთან ერთად იმღერა

იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერლის თეა ფურცელაძის სახელი საქართველოში ფართო საზოგადოებისათვის მას გახდა ცნობილი, რაც მან საოპერო ოსკარის ცერემონია ლეგენდარულ მომღერალთან  ანდრეა ბოჩელისთან ერთად გახსნა.  იმერეულ ფესვებსა და წარმატებული კარიერის შესახებ თეა ფურცელაძეს "ნოუპრესი" ესაუბრა.   

-გვიამბეთ თქვენს შესახებ, სად დაიბადეთ, სად მიიღეთ განათლება?

- დავიბადე საქართველოში, კერძოდ ქუთაისში. დედა ქუთაისიდან არის წარმოშობით, მამა კი ბაღდათიდან. 7 წლამდე  ბაღდათში ვცხოვრობდით,  შემდეგ კი მთელი ოჯახი თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების გავლა თბილისს უკავშირდება, თუმცა იმერეთის სიყვარული მუდამ თან მდევს, სადაც  უნდა ვიყო. განათლება საქართველოში მივიღე, დამთავრებული მაქვს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო სიმღერის ფაკულტეტის სრული კურსი: ბაკალავრი-მაგისტრატურა. პროფესიიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შევიცვალე საცხოვრებელი და ამჟამად იტალიაში, ქალაქ რომში ვცხოვრობ.

ახლა სად მოღვაწეობთ, როგორ გაიარეთ გზა წარმატებისაკენ,  რას და ვის უმადლით ამ წარმატებას?

- ვმოღვაწეობ იტალიაში. წარმატებისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო და არის, ეკონომიურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩემი პროფესია ძალიან დიდ ძალისხმევას, შრომას, თავდადებას, მრავალ სირთულესთან გამკლავებას მოითხოვს. ყველაფერი უფლის ნებაა, თუმცა ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ერთმა ფაქტმა, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრების მიმართულება ეს არის მოულოდნელად საოპერო ხმის აღმოჩენა. ადრე ძალიან მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი, ვფიქრობ,  რომ უსაზღვროდ საინტერესო პროფესიაა. თუმცა ასე არ მოხდა. ოპერის მომღერლობა, რომელიც დაუგეგმავად ჩემს პროფესიად იქცა, ძალიან მიყვარს, რადგან ხალხისათვის ბედნიერების და სიამოვნების მინიჭებას ემსახურება.

სცენა ოპერიდან "ტოსკა"

-გვიამბეთ ანდრეა ბოჩელისთან ერთად სცენაზე გამოსვლის შესახებ, რა პროექტის ფარგლებში განხორციელდა და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის შესახებ?

-ეს გახლდათ იტალიაში, ვენეციის ულამაზეს მალიბრანის თეატრში, სადაც 2019 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა საოპერო ოსკარის ცერემონია. ეს არის ღონისძიება რომელიც იმართება ყოველწლიურად. აქ ხდება ცნობილი საოპერო მომღერლების, რეჟისორების, ასევე კოსტუმისტების და ღვაწლმოსილი პერსონაჟების დაჯილდოვება საოპერო სივრცეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მხვდა წილად პატივი გამეხანა ასეთი პრესტიჟული საღამო, ოსკარის დაჯილდოვება ტოსკას და კავარადოსის დუეტით პირველი მოქმედებიდან, პუჩინის ოპერიდან “ტოსკა” ლეგენდარულ ანდრეა ბოჩელისთან ერთად, რაც ჩემთვის ორმაგად ამაღელვებელი ფაქტი იყო. ეს მოხდა სრულიად შემთხვევით, რადგან დუეტი უნდა შემესრულებინა ჩვენი დროის ძალიან ცნობილ ტენორთან მარჩელო ჯორდანისთან ერთად, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მაესტრო ავად გახდა. შეატყობინა ორგანიზატორებს, რომ შეუძლოდ იყო და ვერ მიიღებდა მონაწილეობას, ამის გამო მოხდა მისი შეცვლა, თუმცა ბოლო დღეები რჩებოდა კონცერტამდე და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ ვინ იქნებოდა ჩემი პარტნიორი სცენაზე. რამოდენიმე დღით ადრე მოვიდა ცნობა იმის შესახებ,  რომ ცერემონიას ანდრეა ბოჩელი ეწვეოდა და სწორედ მასთან მომიწევდა ტოსკას ულამაზესი სასიყვარულო დუეტის შესრულება. ეს იყო დაუვიწყარი ემოცია ჩემთვის - უბედნიერესი ვიყავი.  ერთი საათით ადრე ცერემონიის გახსნამდე იგი თავისი ვერტმფრენით დაფრინდა თეატრის თავზე. გავიარეთ ორკესტრთან რეპეტიცია.  ის იყო მოვასწარით სასცენოდ გამოწყობა, რომ კონცერტი დაიწყო. საზეიმოდ გავხსენით ოსკარის ცერემონია და დუეტის შესრულების შემდეგ იგი სასწრაფოდ უკან გაემგზავრა თავისივე ვერტმფრენით, რომელიც მას მალიბრანის თეატრის თავზე ელოდა.

 

თეა ფურცელაძე ანდრეა ბოჩელისთან ერთად ვენეციაში მალიბრანის თეატრში

  

-მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავთან ურთიერთობის შესახებ რას აღნიშნავთ?

 - ანდრეა ბოჩელი არის უსაზღვროდ საინტერესო პიროვნება, დიდი მუსიკოსი და ადამიანი, რომელიც უკიდეგანო ჰუმანურობით გამოირჩევა. იგი ჩემს მეხსიერებაში მუდამ იქნება, როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებული მოვლენა დედამიწაზე. მისი სითბო და სიყვარული ხალხის მიმართ ძალიან გადამდებია. რეპეტიციის დროს მახსოვს როგორ მაძლევდა ძალას მისი შექება, ყოველი საინტერესო ფრაზის შემდეგ, რომელსაც ვიმღერებდი და მას მოეწონებოდა უმალ თავისი თბილი ღიმილით და საქებარი სიტყვებით მამხნევებდა. სცენაზე დგომის დროსაც ასე მოხდა, ყოველი ნამღერი ფრაზის შემდეგ, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებდა, მუდმივად თბილი ღიმილით მეფერებოდა, რაც კარგად არის გამოსახული დუეტის დროს გადაღებულ ფოტოებზე. მე უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი, რომ არის ასეთი მიუწვდომელი სიკეთის გიდი და მატარებელი მთელს მსოფლიოში გარდა იმისა, რომ არის უდიდესი მუსიკოსი.

-რას გვეტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?  

- რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ბევრი საინტერესო პროექტი მელის წინ, რაც გზა და გზა გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ასევე მოლაპარაკებას ვაწარმოებ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ჩამწერ სტუდიასთან და ვიმედოვნებ, რომ მალე იქნება შესაძლებელი ჩემი პირველი დისკის მსმენელისთვის შეთავაზება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა