|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ წიკლაური: „იმიტომ დავიბადე, რომ „ფიროსმანი“ მეთამაშა“

საქართველოს  სახალხო  არტისტს,  ღირსების ორდენის კავალერს, საპატიო  თბილისელს და ყველასათვის საყვარელ მომღერალს, თემურ წიკლაურს 70 წელი შეუსრულდა. წიკლაურმა საიუბილეო კონცერტი ქუთაისში გამართა. მესხიშვილის თეატრში შეკრებილმა სხვადასხვა თაობის მსმენელმა მომღერალი დიდი სიყვარულითა და აპლოდისმენტებით დაასაჩუქრა. საქართველოს სახალხო არტისტი განვლილ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე   „ნიუპრესს“  ესაუბრა.

   თემურ წიკლაური ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში უცხო ენათა ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი მიზანი  პროფესიული წარმატება იყო. თუმცა, როგორც თავად ამბობს,  მოგვიანებით ღმერთმა აჩვენა გზა, რომელითაც უკვე 50 წელია ემსახურება  ქართველ ხალხს. სიმღერის ნიჭი ადრეულ ასაკში აღმოაჩნდა, მაგრამ სცენაზე 20 წლის ასაკში ავიდა და მას შემდეგ არაერთი სიმღერისა და მიუზიკლის შემსრულებელი გახდა.  მის  მუსიკალურ  კარიერაში ყველაზე  დასამახსოვრებელი ანსამბლი „ივერიაა“,  რომელსაც მის ოჯახად თვლის. ანსამბლი ჯემალ ბაღაშვილმა, ალექსანდრე ბასილაიამ და ვახტანგ ტატიშვილმა  დააარსეს. თემურ წიკლაური „ივერიას“,  მეუღლესთან, ლილი ზღვაურთან ერთად “ციცინათელადან“ შეუერთდა.  მათი სასიყვარულო ისტორია, მიუხედავად ბევრი გასაჭირისა, უკვე 50 წელია გრძელდება. წიკლაურის კონცერტი ქუთაისში „სიყვარულის დღეს“ დაემთხვა, ამიტომაც მსმენელს კიდევ ერთხელ გაუმხილა თავისი მარადიული სიყვარულის ამბავი და აღნიშნა, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა.

მომღერალი „ივერიასთან“ თანამშრომლობას განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს.

„ ანსამბლმა  შექმნა 4 მიუზიკლი და ყველა მათგანისთვის მუსიკა ალექსანდრე ბასილაიამ დაწერა. ყველა იდეა და სცენარი კი ჯემალ ბაღაშვილს ეკუთვნის.  „ივერია“ არის ჩემი ოჯახი და ყოველთვის ასე იქნება“,- აღნიშნა წიკლაურმა.

მას არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში, თუმცა ის მაინც „არწივად“ რჩება. თუმცა, მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო „ფიროსმანის“  როლი აღმოჩნდა. წიკლაურის „ფიროსმანი“ დღემდე მაყურებლისათვის ერთ–ერთ შთამბეჭდავ შესრულებად რჩება.

„ ეს  როლი  ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ზოგჯერ ვფიქრობ, ალბათ, იმიტომ დავიბადე, რომ  „ფიროსმანი“ მეთამაშა.  ყველა ნიუანსი  გავიარე და შევიგრძენი.  მეგობრები, ახლობლები ყველანი მაფრთხილებდნენ, რომ  მთელი პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი ამ როლს და თუ ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი, ხელი არ მომეკიდებინა და არ გამეფუჭებინა ეს როლი“, - გვიამბობს თემურ წიკლაური.

მომღერალს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს ქუთაისთან. მისი ცხოვრების მეგზური ლილი ზღვაური ქუთაისშია დაბადებული, ამიტომ ქუთაისზე ყოველთვის სიყვარულით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ქალაქში ჩამოსვლა ორმაგად საპასუხისმგებლოა მისთვის.

„ ჩემი მეუღლის გამო ქუთაისის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს.  აქ რომ ჩამოვდიოდით,   „ოფიცერთა სახლში“  ვაწყობდით კონცერტებს,   100 კონცერტზე ნაკლები არასდროს ჩაგვიტარებია. რა თქმა უნდა, „ივერიას“ კონცერტებს ვგულისხმობ, რომ არა ხალხის ასეთი სიყვარული,  ბუნებრივია, ამდენ კონცერტს ვერ მოვაწყობდით. რაც შეეხება სოლო კონცერტს,  პირველად ქუთაისში ჩავატარე და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ქუთათურების დიდი სიყვარული. ასევე დიდია ჩემი სიყვარული თქვენს მიმართ. 70 წლის საიუბილეო კონცერტი პირველად  ბათუმში ჩავატარე. მეკითხებიან, კი მაგრამ საიუბილეო თარიღს დასავლეთიდან რატომ  აღნიშნავო. გიპასუხებთ,- საქართველოს, თუ ეკლესიას შევადარებთ, დასავლეთიდან შევდივართ შიგნით, მეც დასავლეთიდან ვიწყებ და საკურთხევლამდე, ანუ თბილისამდეც მალე მივალ“,  - აღნიშნა მომღერალმა.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა