|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

თეონა დოლენჯაშვილი: "ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანი უნდა გვახსოვდეს"

 თეონა დოლენჯაშვილის, როგორც მწერლის, სახელი კარგა ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს.  მისი რომანს "მემფისი" საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად.  ცოტა ხნის წინ წიგნი იტალიურ ენაზე გამოიცა, იგეგმება მისი ინგლისურ და გერმანულ ენებზე თარგმნა. თანამედროვე ქართულ მწერლობაზე, მის დანიშნულებაზე, ლიტერატურულ კონკურსებსა თუ უბრალოდ, მის ქუთაისზე  თეონა დოლეჯაშვილი "ნიუპრესს" ესაუბრა. 

-როგორია თანამედროვე ქართული ლიტერატურის თქვენეული შეფასება, თქვენი აზრით, რა ტენდენცია იკვეთება თანამედროვე ქართულ მწერლობაში?     

-თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში დღეს ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს.  ჩემი აზრით, ის დღეს გადის კიდევ ერთ მნიშვნელოვან და გარდამტეხ ეტაპს. თანამედროვე მწერლები ხვდებიან, რომ არსებული რეალობის კიდევ უფრო მწვავე და მძაფრი ასახვა უნდა შეძლონ, მეტი დრამატიზმითა და მეტი სიმართლით, ჭრილობების გახსნით და თუნდაც ამ ჭრილობებზე მარილის დაყრით წერა. მწერლის საკრალიზაცია დასრულდა, ის აღარ არის ერის მამა და საზოგადო მოღვაწე, მით უფრო არ არის ადამიანთა სულის ინჟინერი. ის ჩამოვიდა წარმოსახვითი კვარცხლბეკიდან და მიწაზე მყარად მდგარმა კიდევ უფრო დაბლა უნდა დახაროს თავი და დაინახოს სწორედ ამ მიწის პრობლემები. ალბათ, ამიტომაა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში შედარებით მომრავლდა სოციალური დრამები, მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემები... ასე თუ ისე, შევეშვით სოფლის იდილიური პეიზაჟებისა თუ ქალაქური კაიბიჭური ცხოვრების აღწერებს, აბსტრაქტულ, ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ ნარატივებსაც, რადგან ამ ყველაფერს მკითხველი აღარ ჰყავს. მკითხველი დღეს ქართველი მწერლებისგან მეტს ითხოვს. ითხოვს იყოს უფრო უფრო აქტიური და საჭირო, უფრო ახლობელი, და ამავე დროს,  გლობალური ცხოვრების მაჯისცემაზეც ედოს ხელი. იმედი მაქვს, ქართული ლიტერატურა ღირსეულად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცესს და ის რაც დღეს იხარშება, ხვალ უთუოდ იქცევა ღირებულ ტექსტებად.

 

-ქართული ლიტერატურა განსხვავდება თუ არა მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიტერატურისგან, თუ გამოყოფდით რაიმე ნიშას, რაზედაც მხოლოდ საქართველოში იწერება?

- საქართველოში ბევრი იწერებოდა პატრიოტულ თემატიკაზე. არა მგონია, რომელიმე ქვეყანაში ამდენი ლექსი ეწერათ სამშობლოზე, რაც ხშირად ფსევდო და სუფრულ პატრიოტულ ლირიკას ემსგავსებოდა და ყალბ, პათეტიკურ შეფერილობას იღებდა. გარდა ამისა, უცნაურია, მაგრამ ქალაქელები წერდნენ სოფელზე და პირიქით.. ხშირად ვერ ცდებოდნენ საკუთარ ქუჩისა და უბნის თემებს, რაც ცხადია, ნაკლებად საინტერესოა სხვისთვის. მთავარი პრობლემად მე მაინც  ჟანრულ, თუ დრამატურგიულ განვითარებასა, მძაფრი და საინტერესო ამბების შექმნაში ვხედავდი. ვფიქრობ, რომ ქართული ლიტერატურა რაღაც ეტაპზე გახდა პლაკატური და დაკარგა ადამიანის სულის სიღრმეებში წვდომის უნარი. მაგალითად, იწერებოდა გმირ დედებზე, რომლებიც შვილებს სწირავდნენ სამშობლოს, მაგრამ თითქმის არ იწერებოდა ქალზე, მის განცდებსა და ტკივილებზე, მის რეალურ და ნამდვილ ცხოვრებაზე. თუკი ლიტერატურა ესაა საუბარი ადამიანზე, ჩვენ, პირველ რიგში, ეს ადამიანი უნდა გვახსოვდეს, მისი სულის და მდგომარეობის კვლევა. ხშირად მითქვამს - ქართული პროზა რომ გაჰყოლოდა მიხეილ ჯავახიშვილის მიერ მონიშნულ ორიენტირებს, დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდით, მაგრამ რატომღაც მკითხველიც და მწერალიც უფრო მანერულ, სტილურ თამაშებზე გადაერთო, რამაც ჩამოგვაშორა მთავარს. შესაძლოა, ეს იმ პერიოდის საბჭოთა ცენზურის დამსახურებაც იყო. შესაძლოა, რაღაც მოდაც. თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, თუნდაც მცირე პროზაში რეზო ინანიშვილის და რომანში ოთარ ჭილაძის დასახელებაც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენი პოსტსაბჭოთა ლიტერატურა მაინც შედგა... აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ საერთო ჯამში, ჩვენი ნიშა უფრო პოეზია იყო. ქართველებს გაცილებით დიდი და ძლიერი პოეზია გვაქვს, ვიდრე პროზა. ესეც ჩვენი ბუნების მახასიათებელია, რადგან პოეზია აფექტისაა, აფეთქების და ემოციის, ხოლო პროზა დინჯ, თავჩაუხრელ და ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. პირველი უკეთ გამოგვდის, მეორე - შედარებით ნაკლებად. 

-ხშირად მწერალზე, პოეტზე  მოქმედებს გარემო, ეპოქა, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქმნება ნაწარმოები, როგორ არის თქვენს შემთხვევაში, თქვენი გმირები თუ საუბრობენ იმ საკითხებზე, რაც დღევანდელობის პრობლემაა?

- ბავშვობაში ფენტეზის ჟანრი მიყვარდა. სასწაული და დაუჯერებელი ამბები. წიგნის კითხვა გასართობი და სასიამოვნო საქმიანობაა, მაგრამ ამასთან ერთად ის კიდევ რაღაც სხვაცაა, ამიტომ დღეს რეალისტური და ნამდვილი ცხოვრების აღწერა მირჩევნია. ის, რაც ჩემს გარშემო ხდება, ის, რაც მაწუხებს, თუ მახარებს. მე თუ მინდა თანამედროვე მწერალი ვიყო, რა თქმა უნდა, ჩემს გარემოსა და ეპოქაზე უნდა ვწერო.  უნდა ვიყო აქ და ახლა. ან კიდევ უფრო წინაც, რომ დღევანდელი მდგომარეობით ხვალის ანალიზი და პროგნოზირება შევძლო. მე არ ვარ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. არც პარლამენტარი გავხდები და არც დემონსტრაციებზე ვიყვირებ ხმის ჩახლეჩამდე. ნამდვილად არ ვისურვებ, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ იქნება,  რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი იარაღი ჩემი წიგნებია. ჩემი სათქმელიც აქაა. საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი აქტივობაც წერილებით, ბლოგებით, მოთხრობებითა და რომანებით მირჩევნია გამოიხატოს, რადგან ასე გაცილებით კარგად ვიტყვი და უფრო მეტ შედეგსაც მივიღებ. რაც უფრო მწარე ვიქნები, კიდევ უფრო უკეთესი. რადგან დიაგნოზი უნდა დავსვათ და ეს პირველ რიგში მწერლებმა, ჟურნალისტებმა და ზოგადად, ჰუმანისტებმა უნდა გავაკეთოთ. ლიტერატურა, რა თქმა უნდა, არის სარკე. თუმცა ამ სარკეში, ალბათ, დღეს ცოტა თუ იხედება. ამიტომ წერის გარდა, მკითხველთან მისვლა, მისი შეჯანჯღარება და ამ სარკის თვალებთან აფარებაც უნდა შეგეძლოს. ობივატელური და ლეთარგიული ძილიდან მისი გამოფხიზლება და ცხოვრების, მოძრაობის, წინ სიარულის და საქმის კეთების სურვილის აღძვრა, უკეთეს ხვალინდელ დღეზე ფიქრი და შრომა.

-თქვენი რომანი "მემფისი" 2008 წელს გამოიცა, 2009 წელს კი ლიტერატურული პრემია  "საბა" მიიღო საუკეთესო რომანის ნომინაციაში. რას იტყვით ამ რომანის შესახებ?

- “მემფისი” ჩემი პირველი რომანი იყო და მოგეხსენებათ, პირმშოები განსაკუთრებით უყვართ. ლათინოსები ამბობენ,  წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი დაჰყვებათო . “მემფისიც” ისე დაიწერა და ისეთი  თემები და ეპოქა ასახა, რომ თავისთავად მოხდა მისი “გაჰიტება”:  90-იანი წლების  ბნელი და მშიერი თბილისი, ემიგრანტი ქალის ცხოვრება ევროპაში, სიყვარული და ღალატი, სიცოცხლე და სიკვდილი, სოციალური სისასტიკე და ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ჩვენი ქვეყანა, მისი როლი და ადგილი მსოფლიოს რუკაზე.. მოკლედ, ბევრი თემაა, ჩახლართული სიუჟეტი და ამ სირთულის მიუხედავად, მიხარია, რომ მაინც ასეთი იღბლიანი “ბავშვი” გამომივიდა. 

-წელს რომანის იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა სამ ქალაქში და ასევე, იტალურ გამოცემებში კარგი შეფასებაც დაიმსახურა, რას ნიშნავს ეს მწერლისთვის, რატომ იტალია და ხომ არ უნდა ველოდოთ სხვა ენებზე თარგმნას?

- ქართველი მწერლისთვის, რომელიც დანატრებულია ლიტერატურულ კრიტიკას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, თავის დროზე “მემფისზე” მკითხველთა გამოხმაურებები არ დამკლებია, მაგრამ იტალიელებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. პავიაშიც, მილანშიც და რომშიც საოცარი შეხვედრები იყო. მილანის ქართული სათვისტომო “სამშობლო გულით სატარებელი” და ქალბატონი ნუნუ გელაძე კიდევ სხვა და განსაკუთრებული თემაა. გასაოცარი დახვედრა მოაწყვეს და რასაც ეს ადამიანები სამშობლოდან შორს,  ქართული კულტურისთვის აკეთებენ, პირველ რიგში, ისევ სამშობლომ უნდა დაუფასოს. რაც შეეხება, იტალიელ მკითხველებსა თუ რეცენზენტებს, ისინი განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდნენ ჩვენი ქვეყნის და მისი ლიტერატურის მიმართ. უამრავი რეცენზია და წერილი დაიწერა და გამოქვეყნდა იტალიურ პრესასა და ინტერნეტში და შეფასებები და წიგნის ანალიზი იყო საუკეთესო. ძალიან პროფესიონალური, ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი!

რაც შეეხება, ამ რომანის სხვა ენებზე თარგმნას, მისი რაღაც ნაწილი ინგლისურად უკვე თარგმნილია და ერთი კვირის წინ მას ძალიან კარგი გერმანელი მთარგმნელიც გამოუჩნდა. “მემფისის” გარდა სხვა, ახალი წიგნების “გადაფრენაც” იგეგმება, წინ ფრანკფურტის ბაზრობაა, სადაც საქართველო სტუმარი ქვეყანა უნდა იყოს და თავისი ლიტერატურითა და კულტურით ღირსეულად უნდა წარდგეს მსოფლიოს წინაშე. მოკლედ,  ვნახოთ...

-ლიტერატურულ კონკურსებზეც მინდა გკითხოთ, რამდენად ობიექტურად იმართება საქართველოში ლიტერატურული კონკურსები და არის თუ არა მნიშვნელოვანი შემოქმედისთვის კონკურსი?

- ლიტერატურულ კონკურსს გააჩნია. თითქმის ყველა მათგანის მონაწილე ვყოფილვარ და ალბათ, ყველა მათგანის ჟიურის წევრიც, ამიტომ ზუსტად ვხედავ და აღვიქვამ პროცესს. პრემიებით განებივრებულები არ ვართ. მწერალი და გრაფომანი კიდევ ძალიან ბევრია და საპრემიო თანხაც დიდი მოტივაციაა, რომ ბევრმა არაპროფესიონალმა და მოყვარულმა წეროს, რომ მერე გაბრაზდეს და ესათუ ის პრემია ლანძღოს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩაწყობებს, ნეპოტიზმს და მსგავს რამეებს ადგილი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, მე სადაც ვყოფილვარ, მსგავსი არაფერი მიგრძვნია, თორემ აუცილებლად დავტოვებდი. პრობლემა ისაა, რომ თვითონ ლიტერატურაა საგემოვნებო სფერო და დიდი მნიშვენელობა აქვს, ვინ არიან ჟიურის წევრები და რა გემოვნება და შეფასების რა კრიტერიუმები აქვთ მათ. საერთოდ, მსგავსი კონკურსები აუცილებელია. მაგალითად, წლების მანძილზე “საბამ” შექმნა ლიტერატურული პროცესი, განავითარა და ჩამოაყალიბა ის, ბევრი ახალი სახელი აღმოაჩინა და უამრავი კარგი წიგნის გამოცემას შეუწყო ხელი. ასე რომ, მსგავსი პრემიები და კონკურსები აუცილებელია შემოქმედისთვისაც და მკითხველისთვისაც.

 

-ბრიტანულმა კომპანია "ეკონომისტმა" იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2013 წელს ყველაზე მეტი ახალი გამოცემა დაბეჭდა. კომპანიის ინფორმაციით,  საქართველო ნომენკლატურაში მე-5 ადგილს იკავებს და უსწრებს ჩინეთსა და ამერიკას. ეს მისასალმებელია გამომცემლობის მხრივ, მაგრამ კითხვის მხრივ რა მდგომარეობაა, როგორია დღეს მკითხველი საქართველოში, ან უფრო მწვავედ რომ დავსვათ კითხვა,  არის თუ არა მკითხველი საქართველოში?

- ძალიან საინტერესო ინფორმაციაა, ცოტა პარადოქსულიც. ქართველებს გვიყვარს წიგნები, მაგრამ ამავე დროს, არც ისე მკითხველი ერი ვართ. გვიყვარს წიგნების გამოცემა, გამოფენა... არადა, რეალურად, ქართული ბესტსელერის ტირაჟი 1000 ცალს იშვიათ შემთხვევაში თუ აცდება. ანუ, რა ხდება? წიგნი ჩვენი სამშვენისია? ჩვენი ნაკითხობის და განათლებულობის დასტური და რეალურად სულაც არ ნიშნავს, რომ ის წაკითხული გვაქვს? თუმცა მაინც ძალიან კარგია, რადგან გამოვცემთ, ანუ საჭირო ნივთია და იქნებ, თვალიც ჩავკრათ ხოლმე შიგ. ზემოთ კონკურსებზე ვსაუბრობდით. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ “საბას” ამ პროცესში ლომის წილი მიუძღვის. სწორედ წლის ბოლოს „საბას“ ეშხით წიგნების გამოცემების რიცხვი ათმაგდება და ავტორთა და გამომცემელთა დიდი ფაციფუციაა.

საერთოდ კი, წიგნი ძალიან მაგარი რამაა. კითხულობდე, ნიშნავს მოგზაურობდე დიდ და ჯადოსნურ სამყაროში, იყო სულიერად ძლიერი და მზად ყველა წინააღმდეგობისთვის, რასაც ცხოვრება გიმზადებს, რადგან ლიტერატურა ადამიანის სულის ცხოვრება და გამოცდილებაა. იყო უფრო გემოვნებიანი და დაკვირვებული, უფრო ჭკვიანი და საინტერესო. იყო იმ დიდი განძის მფლობელი, რაც კაცობრიობამ საკუთარი არსებობის მანძილზე დააგროვა.

-ბოლოს მომავალ ნაწარმოებზეც რომ ვისაუბროთ, როდის უნდა ველოდოთ თქვენს ახალ წიგნს და რომ გვიამბოთ მის შინაარსზე?

-ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტამდე დავწერე მოთხრობა, რომელშიც ის მოვლენები ხდება, რაც მერე უკვე ტელევიზიის ეკრანზე და პარიზის ქუჩებში ვნახეთ. ამ მოთხრობის გმირიც ემიგრანტი ქართველი გოგოა. მოკლედ, ახლა ამ ამბავს ვაგრძელებ და რომანად ქცევას ვუპირებ. გარდა იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს ეს თემები, ის რაც თანამედროვე სამყაროში ხდება, ამავე დროს ვფქირობ, რომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მცხოვრებ ადამიანს უკეთ შეუძლია გაიგოს, რა ხდება ერთ, ან მეორე მხარეს. ამ გზაგასაყარზე, სადაც “ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში” ყველაზე უკეთ ჩანს ერთი სამყაროც და მეორეც. და იქნებ, ჩემმა გმირმა რომელიც სრულიად შემთხვევით მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდება, უკეთესად შეძლოს გაიგოს, სად ვართ, რა გველის და საით მიექანება თანამედროვე სამყარო.

- რა გაკავშირებთ ჩვენს ქალაქთან და როგორია თეონა დოლენჯაშვილის ქუთაისი?

-მე ქუთაისში დავიბადე. ბავშვობა ქუთაისში გავატარე და რა შეიძლება ადამიანს იმ ადგილთან აკავშირებდეს, სადაც ფეხი აიდგა და სამყაროს შეცნობა დაიწყო? ქუთაისი ჩემი ქალაქია.  ის ქალაქზე მეტიცაა. ის იმ სუფთა ფურცელს ჰგავს, რომელზეც წერას ვიწყებ. ის იმ სიმშვიდეს და ჰარმონიას ჰგავს, რომელსაც ასე სრულად ალბათ სხვაგან ვერსად შევიგრძნობ. როდესაც ჩემი ბავშვობის სახლში ვბრუნდები, ასე მგონია, რომ ყველაფერი თავიდან იწყება. რომ ცხოვრებას რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ გადავატრიალებ და ახალი თავგადასავლებით გავავსებ. ეს იმ სიყვარულს ჰგავს, რომელიც არასდროს მთავრდება და არც შეიძლება დამთავრდეს. როგორც ის ნაძვები, რომელიც სულ პატარამ ჩემს ძმასთან და მეზობლებთან ერთად  ეზოში დავრგეთ, არ ყვითლდება და როგორც ის ცა მათ თავზე, არ სრულდება. ასე მარადიული და უსასრულოა ეს ქალაქიც.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა