|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლეგენდის სამარცხვინო გაცილება"- გულშემატკივრები გამოსამშვიდობებელ მატჩს აფასებენ

ქუთაისის საფეხბურთო გუნდ "ტორპედოდან" შოთა ბაბუნაშვილის გაცილების ცერემონიალი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.  სოციალურ გვერდზე, რომელიც "ტორპედოს" სახელზეა შექმნილი, ვრცელი წერილი გავრცელდა. ადმინისტრატორი გაცილების მატჩის ორგანიზების პრობლემაზე საუბრობს. ავტორის განცხადებით, ბაბუნაშვილი ასეთ სამარცხვინო გაცილებას არ იმსახურებდა. 

"ლეგენდის სამარცხვინო გაცილება! ქუთაისის ტორპედოს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შოთა ბაბუნაშვილმა კარიერა დაასრულა. არაერთი საუცხოო მატჩი, ულამაზესი გოლები, საოცარი ტექნიკა, უზადო პასები, უამრავი ტიტული. ასე შეიძლება შეფასდეს ტორპედოს რვიანის კარიერა. მადლობა ყველაფრისთვის ბაბუნა!
19 ოქტომბერს დაიგეგმა მისი გაცილება ფეხბურთიდან...ის ამ სეზონში გუნდის განაცხადში იყო, საინტერესოა რატომ დაემშვიდობნენ სეზონის შუაში, როცა ასეთი მატჩები სეზონის ბოლოს იმართება, უცნაურია. 
სამწუხაროდ სტადიონზე მაქსიმუმ 1000-მდე მაყურებელი თუ იქნებოდა, სირცხვილი ხელმძღვანელობას, რომ ეს მატჩი ჯეროვნად ვერ გააპიარა და სირცხვილი ქუთაისელ მაყურებელს, რომ სტადიონზე არ მოვიდა, ბაბუნა ცარიელი ტრიბუნების წინ გაცილებას ნამდვილად არ იმსახურებდა.
ვეტერან ფეხბურთელებს "კეჩის" ბაზრობაზე ნაყიდი "მაიკები" ეცვათ, ადვილ გზას მიაგნო ხელმძღვანელობამ, მაქსიმუმ 5 ლარი დაჯდომოდა ეს სამარცხვინო "მაიკები". მასეთი "მაიკებით" ფეხბურთელი გაეცილებინოთ პირველად ვნახე. ეს არის შოთა ბაბუნაშვილის ამაგის დაცინვა! 2 კაპიტნის სამკლაური ვერ გაიმეტეს, ნორმალურად რომ გამოსულიყვნენ მონაწილე გუნდები. ამ სამარცხვინო "მაიკებზე" ტორპედოს ამჟამინდელი შორტები, ზურგზე და შორტებზე სხვადასხვა ნომრები ეწერათ. ტორპედო ლოგო კი უკუღმა ეხეტა მაისურებზე - უკუღმა! ფოტოზეც შეგიძლიათ ნახოთ...ხედავთ რამდენი შეუსაბამობაა?!"-წერია განცხადებაში. აქვე უკმაყოფილებაა გამოთქმული მატჩის ბოლოს ფოიერვერკი არ გაუშვეს.

"ასეთ გაცილების მატჩს სულ არ ჩატარებულიყო ის ჯობდა.  "ტორპედო" თქვენი არ არის, ბოტასის ქურდის მიერ სკამზე დასმულო პროკურორ-გამგებელო"-წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

"ნიუპრესი" გვერდის ადმინისტრატორს დაუკავშირდა. ლევან დანელია აცხადებს, რომ ის, როგორც  გულშემატკივარი შეურაცხყოფილია იმ მდგომარეობით, რაც მოედანზე მოხდა, რადგან გუნდს მთელი საქართველო დასცინოს. მისი თქმით, მომხდარში პასუხისმგებელია, როგორც "ტორპედოს" ხელმძღვანელობა, ასევე მერია.

დანელია მის ბოლო ბრალდებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პროკურორ-გამგებელში მამუკა მოსიაშვილს კლუბის აღმასრულებელ დირექტორს გულისხმობდა,  რომელსაც მისი თქმით, არანაირი შეხება არ აქვს "ტორპედოსთან", ის უბრალოდ ფარცხალაძის ახლობელია და მან მიიყვანა "ტორპედოში" ძმაკაცობის გამო.

ტორპედოს" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არ არის "ტორპედოს" ოფიციალური გვერდი და მას ერთ-ერთი გულშემატკივარი მართვას. პრესსამსახურში არ იზიარებენ ბრალდებას და აცხადებენ, რომ გაცილების ცერემონიალმა კარგად ჩაიარა.

"ეს არ არის "ტორპედოს" ოფიციალური გვერდი, გულშემატკივარი მართავს ამ გვერდს. ყველას შეუძლია რაღაც დაწეროს და ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ? ჩვენი პასუხი არის გაცილების ცერემონია და თუ როგორ ჩაიარა, ამაზე თავად შოთა ბაბუნაშვილს შეგიძლიათ კითხოთ. რაც შეეხება მატჩის ახლა გამართვას, ეს თავად ფეხბურთელმა მოითხოვდა და შევასრულეთ"-განაცხადა პრესსამსახურმა.

მან ასევე უპასუხა მატჩის დროს სარწყავი სისტემის ჩართვას და განაცხადა, რომ სტადიონი მერიის დაქვემდებარებაშია, ისინი მხოლოდ ქირაობენ მოედანს. თუ რატომ მოხდა თამაშის დროს ჩართვა არც მათ იციან და ამაზე შესაბამის სამსახურში უნდა უპასუხონ. 

ბრალდებას არ იზიარებს "ტორპედოს" მარკეტინგის მენეჯერი იმედა გიორგაძე და აცხადებს, რომ სარწყავი სისტემის ჩართვა, უბრალოდ სახალისო ფაქტი იყო და ამით ამხანაგურ მატჩზე რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.

"ამხანაგური მატჩი იყო, გაცილება ბაბუნაშვილის, ხომ არ იყო ოფიციალური თამაში,  თუ რაღაც სამხიარულო და სახალისო მოხდა ამაში პრობლემას ხედავთ და ინციდენტს ეძახით? ჩვენ კიდევ ძაღლების და კატების შეშვება გვინდოდა სტადიონზე, მაგრამ მშიერები იყვნენ და შეეზარათ შესვლა. ჩამოსული იყვნენ ფედერაციიდან, სახალისო ინციდენტი მოხდა და ამაში ცუდს რას ხედავთ? რა არ მოეწონა, ბევრი ხალხი რომ არ მოვიდა ეს? ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული და ყველფერი კარგად მოხდა"-განაცხადა იმედა გიორგაძემ.

მატჩთან დაკავშირებით, შენიშვნები არ აქვს თავად ფეხბურთელ შოთა ბაბუნაშვილს. როგორც ის "ნიუპრესთან აცხადებს, ლამაზი საღამო გამოვიდა და დეტალებზე აქცენტი არ გაუკეთებია. 

"ჩემი აზრით კარგი საღამო გამოვიდა. როგორც  უნდა ყოფილიყო ისე გამოვიდა. ძაან ისეთი რაა, ცუდიც არ იყო მე მგონი,  საღამო მშვენიერი გამოვიდა. ფეხბურთელებიც იყვნენ ჩამოსული, ხალხიც მოვიდა. სარწყავი სისტემა გამოვიდა მწყობრიდან, ჩაირთო მოულოდნელად, რა პრობლემაა, ხომ შეიძლება ასე მომხდარიყო, რა ვიცი აბა. დიდი მადლობა, ასე რომ მაფასებს, მაგრამ მშვენიერი საღამო იყო და ასე დეტალურად არ ჩავღრმავებივარ, მომეწონა ყველაფერი რაც გააკეთეს"-განაცხადა შოთა ბაბუნაშვილმა. 

თამაშს ესწრებოდა ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ლევან კობიაშვილი. დავინტერესდით, როგორ შეაფასებდა გუშინდელ მატჩს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხს. ასევე ვერ დავუკავშირდით "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს. 

შეგახსენებთ, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე გუშინ გაიმართა. თამაშის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო, რამაც გულშემატკივართა პროტესტი გამოიწვია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა