"ტორპედოს" დამატებით 400 000 ლარი გადაერიცხა
ქუთაისის ბიუჯეტში 700 000 ლარიანი ცვლილება განხორციელდა. თანხა სხვადასხვა სფეროში გადანაწილდა. არსებული თანხიდან 400 000 ლარი "ტორპედოს" დამატებით გადაერიცხა. ფაქტი საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, "სჭირდება კი ქალაქს გუნდისთვის ამ ოდენობის თანხის გადაცემა, რომელიც 16 გუნდიდან მეათე ადგილზეა? ეს წყალში გადაყრილი თანხაა".
ქათამაძის მოსაზრებას ნაწილობრივ დაეთანხა უმრავლესობის დეპუტატი კახი დვალიშვილი. მისი განცხადებით, თანხა სპორტის სხვადასხვა სახეობებზე უნდა გადანაწილდეს. მერიამ მიმდინარე წელს "ტორპედოს" ჯამში დაახლოებით 2 მილიონი ლარი გადაურიცხა.
საკრებულოს დარბაზი პროტესტის ნიშნად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა დატოვეს.
დღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია უძღვება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი