|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შოთა ბატონი, არ მგონია, ისეთი ბნელი იყოს, როგორც ახლა ილაპარაკა"

"შოთა ბატონი, არ მგონია, ისეთი ბნელი იყოს, როგორც ახლა ილაპარაკა პარლამენტთან მიმართებით, უბრალოდ, თავის უფროსებს უნდა უთხრას, რომ მეც თქვენსავით ბნელი ვარო"- განაცხადა დღეს საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა  გია უკლებამ.

მან ადგილობრივი  ხელისუფლება ქალაქისათვის პერსპექტივის დაკარგვაში დაადანაშაულა. უკლებამ  ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებებიც გააპროტესტა, რის მიზეზადაც პრივატიზაციიდან სკვერების გაყიდვის ხარჯზე გაზრდილი შემოსავალი დაასახელა.

"პირველად ხდება, რომ გაზრდილი ბიუჯეტს მხარს არ ვუჭერ, სამწუხაროდ, ყიდით ყველაფერს, დაწყებული მწვანე ზოლიდან და დამთავრებული ტროტუარებით და სკვერებით.  ეს არის კატასტროფა, საზოგადოებისა და იქ მცხოვრებლების დაუკითხავად ხდება ეს და ეს ყველაფერი უკარგავს ქუთაისს პერსპექტივას და მომავალში ქალაქს საერთოდ არ დარჩება მიწა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს" -განაცხადა უკლებამ.  

დეპუტატი რაგბის ჩემპიონატის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, რაგბის ჩემპიონატი პიარის თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს.

"თქვენ 42 ათას ლარს დებთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, რაგბის ჩემპიონატი  პიარის თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებდა, ამ თანხის დახარჯვას თუ აპირებდით, ეს უნდა გაგეკეთებინათ ჩემპიონატის წინ",-აღნიშნა უკლებამ.  

 უკლება ქალაქის მერის ფოდნის გაზრდის საკითხსაც გამოეხმაურა; "ქუთაისელებს მივმართავ, ქალაქის მერი ზრდის დაფინანსებას, ასე რომ მიაკითხეთ, მოთხოვეთ დახმარება, მერე ხმა ვისაც გინდათ, იმას მიეცით", -განაცხადა გია უკლებამ.

 მან ქალაქის ხელისუფლება გზების დაგების საკითხზეც გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში გზების კაპიტალური შეკეთება არ უნდა მომხდარიყო, რადგან 2018 წლიდან კანალიზაციის პროექტის დაწყების გამო  გაკეთებული გზები ხელმეორედ გადაითხრება, ეს კი ხალხის ფულის ტყუილად ხარჯვაა.

აღნიშნულის პასუხად შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ მაშინ ოპოზიცია გზების მოუწესრიგებლობის გამო აკრიტიკებდა: "გია,  შენ არ იყავი,  აქციებს რომ მართავდი, მურღულიამ გზები არ გააკეთაო, ახლა ამბობ, რატომ გააკეთეო?- განაცხადა მურღულიამ. 

ქალაქის მერის თქმით, პრივატიზაციიდან შემოსავლები არა სკვერების გასხვისებით, არამედ ქალაქში ახალი ბრენდის -M2- (ემ კვადრატის) შემოსვლის შედეგად გაიზარდა. კომპანია ქალაქში ახალ სასტუმროს ააშენებს. 

ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში 2346800 ლარის ცვლილება შევიდა,  თანხა ბიუჯეტის რიგ პროგრამებს  გაეზარდა. 

ავტორი: ნიუპრესი