|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„შეუძლიათ დღესვე გააუქმონ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის მოთხოვნას დავით გოგისვანიძე პასუხობს. მისი განცხადებით, მათ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზეს საერთო ფრაქციის შექმნა  „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ, პასუხად კი ბრიფინგი მიიღეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სახელწოდების ფრაქციაში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, რისთვისაც „ნაციონალებს“ შევთავაზეთ შეგვექმნა საერთო ფრაქცია საერთო სახელწოდებით, რომ გვებრძოლა „ქართულ ოცნებასთან“, რაზედაც პასუხად მივიღეთ ბრიფინგი. თუ მათ არ მოსწონთ ჩვენი წინადადება, შეუძლიათ დღესვე გააუქმონ ფრაქცია, დატოვონ მისი შემადგენლობა, რაც ფრაქციის დაშლას გამოიწვევს“, -განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ის ხელფასის თემასაც შეეხო. მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა ამ საკითხზე ისაუბრეს და ისე გამოიყვანეს, თითქოს  წლების განმავლობაში ერთი ადამიანი იღებდა თანხას საკრებულოდან.

„სამწუხაროა, რომ ამ ბენეფიტის თემასაც შეეხენ და ისე გამოიყვანეს, თითქოს ერთი ადამიანი სარგებლობდა წლების განმავლობაში. იმ ადამიანისგან, რომელიც რაღაც პერიოდში ერთხელ ჩამოდის თბილისიდან ქუთაისში, შენიშვნას ვერ მივიღებ“, - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციაში დღეს  ბრიფინგზე ყოფილ თანაგუნდელებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება მოსთხოვეს. ფრაქციაში ოთხი „ნაციონალი“ დეპუტატია, საინადაც 2 წევრი ევროპულ საქართველოს, 2 კი ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. ახალი ფრაქციის შესაქმნელად კი სამი წევრის არსებობაა საჭირო. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი