|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

ტუბერკულოზი, როგორც განაჩენი.

  მახსოვს, როგორ შეარჩიეს განსხვავებული თეფში და ჭიქა და განცალკევებით დადეს, თან გაგვაფრთხილეს, რომ მათ არ მივკარებოდით. ვუყურებდი ამ ჭურჭელს და მძულდა მისი განსხვავებულობა, მძულდა, რომ ის მამაჩემს ჩვენგან მოშორებას აიძულებდა.

„გადამდებია, ბავშვები მოარიდეთ, თქვენც ფრთხილად იყავით“, - იმოძღვრებოდნენ და არ ესმოდათ, რომ საერთოდაც, დაავადების გადადებაზე მეტად, მათი დამოკიდებულება მაშინებდა.

ვერ ვხვდებოდი, ზუსტად რას ნიშნავდა ეს დაავადება, მაგრამ კარგად მესმოდა, როგორ  იტანჯებოდა კუთხეში მწოლიარე მამაჩემი- მასთან ერთად მეც.

ახლა მახსენდება, საზოგადოების  არასწორი ინფორმირებულობის გამო, როგორ შემცირდა სტუმრების რიცხვიც.  იშვიათად მოდიოდნენ, ერიდებოდნენ ავადმყოფთან კონტაქვს.  მაშინ არ მესმოდა მათი, ვერ ვპატიობდი შიშს,  ახლა მესმის, თუმცა კვლავაც ვერ ვუგებ მათ.

დღემდე მაღიზიანებს განსხვავებული ნივთები, როგორც განაჩემი გარიყულობისა, რომლებიც ნელ–ნელა  გაქრნენ სახლიდან, თუმცა მათ დატოვეს კვალი, როგორც მამის ჯანმთელობაზე, ასევე ჩვენს მეხსიერებაზეც.

„ჭლექი“–ვინ და რატომ მოიგონა ასეთი საშინელი სიტყვა?!  დღეს მედიცინა განვითარებულთან ერთად გაცილებით ჰუმანური გახდა. დღეს უკვე ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მას.  ვიცით, რომ ეს დაავადება არ არის განაჩენი,  რომ დღეს ადამიანები სტიგმის მსხვერპლი არ უნდა გახდნენ და რომ თანადგომა სწორი მკურნალობის თანაბარია.

***

სამწუხაროდ, ტუბერკულოზი იმ დაავადებათა რიცხვშია, რომლით დაავადებულ ადამიანებს დაავადებასთან ერთად საზოგადოებაში არსებულ სტიგმასთანაც უწევს ბრძოლა. ტუბპაციენტები ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან, რის გამოც მათ არსებული პრობლემის დამალვა უწევთ.

არადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ტუბერკულოზს გლობალურ პრობლემად აღიქვამს და აქტიურად იბრძვის ამ დაავადებაზე გასამარჯვებლად. საქართველო, იმ ქვეყანათა რიცხვშია, სადაც დაავადების მაჩვენებელი მაღალია. სწორედ ამიტომ გლობალური ფონდის დახმარებით ქვეყანაში ორი ათეული წლის მანძილზე დაავადების წინააღმდეგ აქტიური ეროვნული პროგრამა ტარდება, რომლის ფარგლებშიც პაციენტისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და, როგორც ამბულატორიული, ასევე ჰოსპიტალური მკურნალობა. ტუბერკულოზის ნებისმიერი ფორმით დაავადებულ პაციენტს მიეწოდება ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები. ტუბერკულოზის ორი ფორმა არსებობს - რეგულარული მედიკამენტოზური, რომლის მკურნალობა 6 თვე გრძელდება და რეზისტენტული, რომლის დამარცხებაც 18 თვეშია შესაძლებელი. ამიტომაც, დღეს,  პაციენტები, რომლებიც ექიმის რეკომენდაციას გულდასმით ასრულებენ, ახერხებენ გამარჯვებას.

იმერეთში დაახლოებით 150–მდე პაციენტია, რომელთა ნაწილი ჰოსპიტალიზებულ, ნაწილი კი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სახლის პირობებში გადის მკურნალობას.  სამწუხაროდ,  ხშირია ტუბერკულოზის ფაქტები ბავშვებში.

                                                                          ***

მამაჩემი ისევ ტუბ პაციენტია, ჩვენ ისევ ვიბრძვით ამ დაავადების დასამარცხებლად, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ უკვე ზუსტი ინფორმაცია გვაქვს მის შესახებ, რაც მკურნალობის ტოლფასია.

რედაქტორმა კონკურსის შესახებ რომ მითხრა, დავფიქრდი, რა უნდა დამეწერა. მივხდი, რომ ვერც სტატისტიკთ და ვერც ვრცელი  სტატით  ახალს ვერაფერს ვიტყოდი და ვერც ვერავის მდგომარეობას შევამსუბუქებდი. უბრალოდ, უნდა ვთქვათ ის, რასაც ვგრძნობთ. ასე თუ შევძლებ ამ დაავადების მქონე ადამიანებისა და მათი ახლობლების მდგომარეობის საზოგადოებამდე მიტანას. უნდა ესმოდეს ყველას, რომ შიშით და დისკრიმინაციით ადამიანებს ბრძოლის სურვილს ვუკარგავთ.

სტატიის გამოქვეყნებისას მზად ვიყავი შეკითხვებისთვის. შემეძლო თამამად მესაუბრა, რადგან მე დღეს ვიცი, რომ ტუბერკულოზი არა არის განაჩენი, რომ ტუბერკულოზი განკურნებადია.

 

ავტორი: ნიუპრესი