|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტყეებში გაჩენილია დაავადება, ხმება ხეები, ხელისუფლება არაფერს აკეთებს"

პარტია "თავისუფალი საქართველო" ტყეებში ხეების ხმობის ფაქტს გამოეხმაურა. ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისში, მუხნარის ტყეში აქცია გამართეს და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

გოგი წულაიას განცხადებით, ტყეში გავრცელებულია დაავადება, რის გამოც ხეები ხმება.

"ტყეებში გაჩენილია დაავადება, ხმება ხეები.  ხელისუფლება ინფორმირებულია ამის შესახებ, მიუხედავად ამისა, არ ხდება დაზიანებული ხეების მოჭრა და გატანა. ხის საამქროები მზად არიან გადაამუშაონ დაზიანებული ხეები, მაგრამ ამის ნებასაც არ აძლებს მათ ხელისუფლება. არ ხდება ახალი ხეების დარგვა, ამის პარალელურად კი ხელისუფლება ვითომ ჩვენზე ზრუნავს და ჰაერის დაბინძურების გამო თამბაქოს მოწევას გვიკრძალავს.  ამ აკრძალვებს ჯობია, რეალურ პრობლემასთან იბრძოლონ და ხეები გადაარჩინონ", -განაცხადა გოგი წულაიამ. მისი თქმით, ხეების დაზიანების პრობლემა ყველა ტყეშია.

 „თავისუფალი საქართველოს“ წევრის გოგი წულაიას განცხადებას, რომელიც ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს ტყეში გავრცელებული დაავადების შეშაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგა, სატყეო სააგენტო გამოეხმაურა, სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეების აღრიცხვა.
„სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ე.წ „საღორიის ტყეში“ (იმერეთის რეგიონი), იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეების აღრიცხვა. მიმდინარე წლის შემოდგომამდე განხორციელდება აღნიშნული ხეების ტყიდან გამოტანა, ხოლო შემოდგომის სეზონზე ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ე.წ. „საღორიის ტყეში“ გაწმენდითი სამუშაოები 2016 წელსაც განხორციელდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული ტყის აღდგენის პროექტის თანახმად, ზემოაღნიშნულ ტერიტორიის 2,4 ჰა ფართობზე დაირგვება იმერული მუხისა და იფანის 10 000-მდე ნერგი.

აღსანიშნავია, რომ ნერგები გამოყვანილია ამავე ზონაში 2015 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწყობილ ტყის დროებით სანერგეში“, - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა