|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა

მიმდინარე  წლის აპრილში  უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მეორე სართულის ფანჯრიდან  13 წლის უსინათლო აღსაზრდელი გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო-  სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა, რა დროსაც მასთან ერთად ოთახში 4 ძიძა უნდა ყოფილიყო, თუმცა არცერთი მათგანი ადგილზე არ იმყოფებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად თბილისის N202 საჯარო სკოლის - უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი მონიტორინგი განახორციელა. სკოლა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პანსიონურ მომსახურებას უწევს მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს.

სახალხო დამცველი შეხვდა და გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს, დაათვალიერა სკოლის ფიზიკური გარემო. ვიზიტის შედეგად მრავალი დარღვევა გამოიკვეთა, რომელიც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების ეფექტიანად რეალიზებას.  

პრობლემურია სკოლის სათანადო სასწავლო და დამხმარე რესურსებით აღჭურვა, სწავლების ხარისხის კონტროლი, პანსიონის ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებაში ინკლუზიის საკითხები.

მნიშვნელოვან გამოწვევად დაფიქსირდა მოსწავლეთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფა. მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. მენიუ არ არის დიფერენცირებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველი და მეთორმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის მსგავსი, მცირე ულუფაა გათვალისწინებული.

კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, რასაც ადასტურებს არასრულწლოვანის დაზიანების ფაქტი.

საქართველოს სახალხო დამცველი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის დასახელებულ ფაქტს, ხოლო ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა