ვანის განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი იხსნება
ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.
ხვალ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ახალ მუზეუმს მოინახულებენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში პირველი არქეოლოგიური მუზეუმია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის სახელს ატარებს, სრულიად განახლებული სახით 2020 წლიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს.
ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.
მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.
ვანის ახალ მუზეუმში მუდმივ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, წარმოდგენილი იქნება ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია.
ამასთანავე პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად პირველად იქნება წარმოდგენილი გადამალული განძის სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ. წ. II- I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას.
განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, რომელიც მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება.
განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.
მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი: გერმანულმა საპროექტო კომპანია „Eლლის ჭილლიამს Aრცჰიტეცტს” და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.
შეგახსენებთ, ვანის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი