|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის მაჟორიტარის არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები N54-ე მაჟორიტარულ, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 28 აპრილს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ამასთან დაკავშირებით ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. 

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება.

„28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

 

 

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 28 აპრილის არჩევნებისთვის ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

 

ცესკომ დადგენილებით მიიღო 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც.

 

„აღსანიშნავია, რომ 2017 წლის არჩევნებისთვის წარმატებულად განხორციელებული საპილოტე პროექტის შემდეგ, ცესკოს მიერ დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვისაც ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალური ონლაინ პროგრამა საკუთარი წარმომადგენლების ელექტრონული წესით დასანიშნად“, -განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

 

სხდომაზე სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა. ცესკოს მიერ დღეს მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი დაინტერესებული მხარეებისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.



 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა