|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურისტულ ცენტრში სასტუმროსთან ერთად, განთავსებული იქნება ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცე და სპორტული მოედანი.

„ბიზნესის მხარდასაჭერად, შპს „ინვესტ ჯგუფს“ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა“, – განმარტავენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

 

იმერეთში, ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლის გასაყიდად საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. ისტორიული ნაგებობა 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს ინვესტ ჯგუფმა 1,375,000 ლარად შეიძინა. 

 

გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადადის. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, კომპანიის დირექტორად კი დავით კობახიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ლორთქიფანიძე ბიზნესმენ დუგლაძეებთანაა დაკავშირებული.

 

შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრანგი ძმებმა ანანოვებმა ააშენეს,  თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო, მოგვიანებით სასტუმროდ გადაკეთდა და ბოლოს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქცია შეიძინა.  მოგვიანებით,  ცნობილ მეღვინეებსა და ხის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელებს ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. სასახლის ისტორია საინტერესო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მას სამთავრობო რეზიდენციის სტატუსი მიენიჭა, წლების მანძილზე რეზიდენცია უმაღლესი რანგის სტუმრებს მასპინძლობდა. სამთავრობო რეზიდენციამ 2012 წლიდან პატრიოტთა ბანაკის ფუნქცია შეიძინა, ეს სტატუსი ანანოვების სასახლეს 2014 წლამდე ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა