|
  • EUR 1 = GEL 3.596
  • USD 1 = GEL 3.2816
|

"ვასილ ამაშუკელის სახელი ახალ შეფასებას ითხოვს"-გიორგი შავგულიძე

პარიზში, 1895 წელს უცნაური ამბავი მოხდა, ახალმა გამოგონებამ ფოტოკადრი აამოძრავა და მას სინემატოგრაფი უწოდეს. ძმები ლიუმერების ჩვენებაზე მისული ხალხი, ვინც არ დაინანა ერთი ფრანკი ,,გრანკაფეში“ სასწაული იხილა, შუქჩამქრალ დარბაზში თეთრ ნაჭერზე, იქ, სადაც არ ელოდნენ, გამოჩნდა უზარმაზარი მატარებელი, რომელიც უახლობდებოდა მაყურებელს. ისე რეალურად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, რომ ადამიანებმა შიშისაგან წამოიკივლეს. სულ რაღაც თხუთმეტ წელიწადში პარიზული სიახლე ქუთაისლებისთვის ვასილ ამაშუკელის მცდელობით ჩვეულებრივ ამბად იქცა.

1910 წელს ახლად გახსნილ კინოთეატრ ,,რადიუმში“ ამაშუკელმა მაყურებელს უჩვენა მისი გადაღებული ფილმები, ,,მუშაობა ფერმაში“, ,,ექსკურსია ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან“, ,,გვირილობა“ და სხვა. ნამუშევრებიდან შემოგვრჩა მხოლოდ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს“.

„არ ვცდილვარ, ჩემი ინიციატივა გამომევლინა ამა თუ იმ ზეიმის შეჩერება- დაწყობაში, არამედ ვიღებდი რეალურად ისე, როგორც ხდებოდა აპარატის წინ.“- წერს ვასილ ამაშუკელი "რაჭა- ლეჩხუმში აკაკის მოგზაურობის" შესახებ მოგონებებში.

 

მისი მოგონებები, მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებთან ერთად საქართველოს ეროვნული არქივის უახლოესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაშია დაცული.

თუმცა დღეს ქუთაისი ამაყად ატარებს პირველი ქართველი ოპერატორისა და ქართული ფილმის მესაძირკვლის მშობლიური ქალაქის სტატუსს,    დაიდგა  ვასილ ამაშუკელის ძეგლიც,  ტარდება მის სახელის უკვდავსაყოფად ღონისძიებები,  თუმცა  სახლი, სადაც  ქართული დოკუმენტური კონოს ფუძემდებელი დაიბადა, სრულიად მიტოვებული და მოუვლელია. ვასილ ამაშუკელის სახლს მემორიალური კი დაფა ამშვენებს, მაგრამ სახლი, რომელშიც ასეთი გამორჩეული პიროვნება ცხოვრობდა,  სავალალო მდგომარეობაშია. 

სახლი კერძო პირის საკუთრებაა და იქ ამაშუკელის მუზეუმის გაკეთება არ იგეგმება.

ვასილ ამაშუკელი  ამ სახლში ბაგრატის ქუჩაზე  1886 წლის 14 მარტს  დაიბადა.

საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ  მასპინძლობას  მისი  მეზობელ, ჟუჟუნა ბაკურაძე გვიწევს.

 ადგილზე მისულებს სავლალო მდგომარეობა დაგვხვდა. ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს შენობის  ჩამოშლილი კედლები და დაზიანებული სახურავი.  სახლი 1988 წლს დიდთოვლობა დაზიანებია. როგორც ბაკურაძე ამბობს, სახურავს თოვლის სიმძიმისთვის ვეღარ გაუძლია და ჩამონგრეულა, ამის შემდეგ კიღარავის შეუკეთებია.

ჟუჟუნა ბაკურაძე ამბობს, რომ მისსა და ამაშუკელის სახლს საერთო  კედელი აქვს, რომელიც დაზიანებულია  და საფრთხეს  მის ოჯახსაც უქმნის.

 „არავინ დაინტერესბულა ამ სახლის მდგომარეობით. მოდიან ჟურნალისტები, ტურისტები, გადაიღებენ სურათებს და წავლენ. ერთხელ სტუდენტებიც იყვენენ მოსულები და გაზომეს სახლში ყველაფერი და წავიდნენ...  ხედავთ, რა მდგომარეობაშიცაა სახლი. ახლახან წვიმების დროს წყალიც ჩამოვიდა. აქ უამრავი ნივთია, რომელიც ამაშუკელს ეკუთვნის. წვიმის და ცუდი ამინდის შედეგად ზიანდება. თუ გაკეთდება, ამაზე კარგი რა იქნება?. ვასილ ამაშუკელს და მის პიროვნებას ნამდვილად არ შეეფერება ასეთი გარემო“, - თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა ჟუჟუნა ბაკურაძემ.

სახლის ძველ ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ მას ჩუქურთმებიანი აივანი ჰქონია, რომელიც ახლა აღარ არსებობს.  მთლიანად ჩამოშლილია სახლის უკანა მხარე, ქვედა სართული ძველი ნივთების, სამშენებლო ნარჩენების და შეშის საწყობადაა ქცეული.

 ვასილ ამაშუკელის სახლის შესახებ ქუაისის თვითმმართველობის  მივმართეთ, რაა გაგვერკვია,  არის უ არა ამაშუკელის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რა ბედი შეიძლება ეწიოს მას.

კულტურის, სპორტის, განათლების და ძეგლა დაცვის სამსახურში განგვიმარტეს, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლა ნუსხაში შეტანილი არაა, შესაბამისად, სახლის მდგომარეობაზე პასუხიმგებლობა მის მეპატრონეს აკისრია.

„ბაგრატის ქუჩა, ჩიხი მესამეს, პირველ ნომერში მდებარე სახლი, რომელიც ვასილ ამაშუკელს ეკუთვნის, არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის საკუთრებას, ამიტომ ძეგლა დაცვის სააგენტოს არ აქვს ვალდებულება ამ სახზე  სარემონტო ამუშაოები ჩაატროს. ეს უნდა გააკეთოს პატრონმა და თუ პატრონს არ აქვს შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში მიმართავენ ქალქის საბინაო სამსახურს და განიხიება მისი წერილი“,- განგვიმარტა  ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის სამსახურის  განალებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა.

თემასთან დაკავშირებით  ,,Newpress.ge“  საქართველოს ხელოვანთა, მწერალთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრს, ფილოსოფოსს გიორგი შავგულიძეს ესაუბრა.

- ვასილ ამაშუკელის სახლს მემორიალური კი დაფა ამშვენებს, მაგრამ სახლი, რომელშიც ასეთი გამორჩეული პიროვნება ცხოვრობდა,  სავალალო მდგომარეობაშია,  უპატრონოდაა დატოვებული, რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამას?

-გეთანხმებით, დღემდე ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრომ, ასევე ჩვენი ქალაქის მესვეურებმა ვერ გაიაზრეს არა მხოლოდ ქართული კინოს, არამედ მსოფლიო კინოს ისტორიაში ვასილ ამაშუკელის როლი და ადგილი. მით უფრო, როცა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი, უცხოელს უკეთესს რას შესთავაზებ, როდესაც ეტყვი, რომ პარიზული და ქუთაისური სინემატოგრაფი თითქმის ერთი ასაკის არიან და მისი შემოქმედი აქ,  ამ სახლში,  ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ ცხოვრობდა. იქ, თქვენ, ამაშუკელის საკარმიდამოზე რაც იხილეთ, ჩვენი  თავმოთნეობის  და უგერგილობის  ნიმუშია.  აუცილებელია იმის თქვაც, რომ კინომცოდნეობის პროფესორის გოგი დოლიძისა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის დამსახურებაა,  რომ ვასილ ამაშუკელის სახელი  დავიწყებას არ ეძლევა.  2012 წელს  "აკაკის მოგზაურობის" გადაღებიდან ასი წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით  გოგი  დოლოძემ  არაერთგზის მიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმჟამინდელ მესვეურებს, მაგრამ სამწუხაროდ, ყურად არავინ იღო. იუბილე კი აღინიშნა ქუთაისის საზოგადოებრიობისა და გოგი დოლიძის ძალისხმევით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დასავლური კინომცოდნეობის დიდი ავტორიტეტის ჟორჟ სადულის (საფრანგეთი)  შეფასებას და მსოფლიოს კინო ისტორიის განვითარებაში ვასილ ამაშუკელის როლს, მაშინ სხვა მასშტაბებზე უნდა ყოფილიყო  საუბარი. დღესაც ცოცხლები არიან ის ადამიანები, ვინც პირადად იცნობდნენ ვასილ ამაშუკელს.  მასთან საოცარი მეგობრობა აკავშირებდა გოგი დოლიძეს.  ოთარ ჩიხლაძე, გუგა მამაგეიშვილი, ქალბატონი მერი ქანდარია -ამ ადამიანებს ახსოვთ ვასილ ამაშუკელი.  მას იხსენებენ, როგორც  წყნარ, უპრეტენზიო და საოცრად სევდიან ადამიანს. „აწოწილი, გამხდარი, მაღალი, სწორი ნაკვთებით, დახვეწილი ქართულით მოსაუბრე“, ქალაქის აღმასკომის შენობაში ,,მონტიორად“ მუშაობდა, სახელოსნო კიბის ქვეშ ქონდა მოწყობილი. უპრეტენზიო კაცად მოიხსენიებენ, არ უყვარდა საკუთარი თავის წარმოჩენა.

- რით აიხსნება მისი უპრეტენზიობა? კაცი, რომელიც ასეთ სიახლეს კიდებს ხელს, როგორც მაშინ კინოხელოვნება იყო, არ შეიძლება უპრეტენზიო და უამბიციო ყოფილიყო.

-ახალმა საბჭოურმა ყოფამ ვასილ ამაშუკელის ცხოვრება სულ სხვა გზით წაიყვანა და შემდეგ  მისგან ქართული ფილმის ისტორიას აღარაფერი შემატებია.  რომ არა ჟამთა სიავე, მას სამშობლო უნდა "ენათებინა" და არა ჩინოვნიკთა კაბინეტებში ნათურები.  ბედის ეს  ირონია დღემდე გრძელდება. რაც შეეხება მის ფილმს ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“,  სამყაროს პროზად ყოფნის ერთი პატარა ნაწილია, ვასილ ამაშუკელის ფილმში მუდმივად რომ ცოცხლობს და შეფასებას ითხოვს.

პარიზში ყოველწლიურად იმართება ძმები ლიუმერების სახელობის ფესტივალი, სადაც მოყვარული კინორეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება-კონკურსი ეწყობა, მსგავსი რამ შეიძლება გაკეთდეს ჩვენთანაც - დაარსდეს ვასილ ამაშუკელის სახელობის ფესტივალი,   სადაც ასევე სამოყვარულო, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება-კონკური გაიმართება.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.83%
არა - 47.18%
არ იცი - 10.99%
სულ - 655 ხმა