|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვეფხისტყაოსანზე" სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს იღებენ

მიმდინარე წლის 28, 29, 30 დეკემბერს ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის "ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, სტუდია „ტელევეზირი" წარმოგიდგენთ პროექტს „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კუთხეების მოზარდების მიერ „ვეფხისტყაოსნის" თემაზე შექმნილი ნახატი-ილუსტრაციები, ასევე ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები ანიმაციური და დოკუმენტური ფილმიდან „ვეფხისტყაოსანი" - ექსპედიციები საქართველოს კუთხეებში.

პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, მათი სურვილია, რომ ქუთაისელმა ბავშვებმაც მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში.  გალერეაში ყოველდღე 15:00-ზე დაიწყება შეხვედრა მოზარდებთან (სასურველია 13 წლამდე), სადაც ისაუბრებენ  „ვეფხისტყაოსნის“ გმირებზე,  სცენებზე, ეპიზოდებზე...

გალერეაში შეკრებილი ბავშვები თავად დახატავენ შერჩეულ სცენებს, ასევე მოისმენენ  როგორ კითხულობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბავშვები სტროფებს... ხატვა - დასურათების პარალელულად ჩაიწერება ბავშვების ხმები.

ამით ქუთაისელი ბავშვები თავიანთ წვლილს შეიტანენ სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში... ასევე, ბავშვების ნახატი - ილუსტრაციებით დასურათებული წიგნის გამოცემაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი