|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვემზადებით, რომ ქუთაისს გაისად მაინც ჰქონდეს მესამე კატეგორიის სტადიონი"-იუზა უგულავა

"ვემზადებით, რომ ქუთაისს გაისად მაინც ჰქონდეს მესამე კატეგორიის სტადიონი" -აცხადებს ქუთაისის ვიცე მერი იუზა უგულავა. ამ განცხადებით ვიცე მერი იმ ფაქტთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც  ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოწინააღმდეგეს საკუთარ სტადიონზე ვერ მიიღებს და თამაში თბილისში გაიმართება. 

 ვიცე მერის თქმით, ევროპა ლიგის  საკვალიფიკაციო მატჩის გამართვას ქუთაისის სტადიონზე ვერ მოხდება, რადგან ამისათვის საჭიროა სტადიონს მესამე კატეგორია ჰქონდეს,  ორ თვეში კი რამდენიმე მილიონიანი სამუშაოების ჩატარება ვერ მოხერხდებოდა.

"ჩვენი სტადიონი მეორე კატეგორიის სტადიონია. იმისათვის, რომ პირველი და მეორე ტურის საკვალიფიკაციო თამაშები ჩატარებულიყო ქუთაისში, ამისათვის ჩამოვიდა ფედერაცია, მან დაგვიწერა შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა. ეს იყო კოსმეტიკური რემონტი, სველი წერტილების, შშმ პირებისათვის ადგილების მოწესრიგება, დასუფთავება და სხვა... ეს სამუშაოები გავინაწილეთ ჩვენ და შპს-მ და შევასრულებთ.  რაც შეეხება მესამე საკვალიფიკაციო მატჩს, ეს ტარდება მესამე კატეგორიის სტადიონზე, ასეთი სტადიონი საქართველოში არის მხოლოდ ორი.  იმისათვის რომ ქუთაისი ამ დონეზე მივიდეს, საჭიროა საფარის შეცვლა, ელექტროტურნიკების მოწყობა და სხვა, ეს არის რამდენიმე მილიონის სამუშაოები, რომელსაც 2 თვეში ვერავინ გააკეთებდა.  ჩვენ ვემზადებით, რომ ქუთაისს გაისად მაინც ჰქონდეს მესამე კატეგორიის სტადიონი და ამას, მე მგონი, მივაღწევთ როგორმე. ფედერაციასთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ საფარის მოწყობა აიღოს მან, ეს შეიძლება 800 ათასი ლარი  დაჯდეს, დანარჩენი სამუშაოები მერიამ შეასრულოს"-განაცხადა იუზა უგულავამ ნიუპრესთნ საუბარში.

რაც შეეხება სტადიონის პრიოვატიზაციის საკითხს,  ვიცე მერი აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია, ოღონდ სტადიონის სტატუსის შეუცვლელად. "თუ გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც მოაწყობს მესამე კატეგორიის სტადიონს, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ასეთ შემოთავაზებას"-აღნიშნა მან. რაც შეეხება გაჟღერებულ ვერსიას "ჰუალინსგის" მხრიდან სტატიონის შეძენის შესახებ, იუზა უგულავამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე თვითონ კლუბის მეპატრონე მუშაობს და მერიაში ამ მხრივ შემოთავაზება არ ყოფილა.  

შეგახსენებთ,  ქუთაისის "ტორპედომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "ვიკინგური" ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქე ალბანური "კუკეში" იქნება. თამაში ქუთაისის ნაცვლად თბილისში 9 აგვისტოს გაიმართება. ამ ფაქტს გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი  გიგა შუშანია ქუთაისის სტადიონის არასათანადო მდგომარეობის გამო ქუთაისის მერია დაუდევრობაში დაადანაშაულა.

ქუთაისის სტადიონი მერიის შპს-ს წარმოადგენს. სტადიონის ფუნქციონირებისათვის ქუთაისის ბიუჯეტში წელს 246 ლარია გათვალისწინებული.

ავტორი: ნიუპრესი