|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ იქნება "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ქუთაისში?

თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პარტიებში წინასაარჩევნო კამპანია ძალას იკრებს. 12 ქალაქის ნაცვლად ქალაქის მერის არჩევა წელს 5 ქალაქში მოხდება, შესაბამისადაც, პოლიტიკურ პარტიებს მერობის კანდიდატების დასახელება 5 ქალაქში მოუწევთ.

"ნაციონალებმა" ამჯერადაც ყველას დაასწრეს და მერობის კანდიდატის პირველი ოფიციალური წარდგენა მათ მოაწყვეს. ქუთაისი ჯერჯერობით დუმს, თუმცა მერობის კანდიდატის ვინაობას ღიად ამ დროისათვის მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" ასახელებენ.  ქუთაისის ორგანიზაციის ინფორმაციით, მერობის სავარაუდო კანდიდატად ხატია დეკანოიძე  დაასახელეს, რითაც ერთგვარად საზოგადოების განწყობაც შეამოწმეს. 

"ქართულ ოცნებაში" ტრადიციულად გადაწყვეტილებას თბილისიდან ელოდებიან და ვერსიაც კი არ აქვთ,  რას გადაწყვეტენ დედაქალაქში.

ქუთაისში მოქმედი ოპოზიციური პარტიებიდან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ადასტურებენ "ევროპულ საქართველოში", თუმცა ამ დრომდე არ სახელდება კონკრეტული კანდიდატები. 

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი გია თევდორაძე აცხადებს, რომ  წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა კონკრეტულ სახელებზე ივლისში ისაუბრებენ. 

 ამასვე ადასტურებს პარტიის წარმომადგენელი კოტე რატიანი, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო სიის ფორმირებასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურებზე. მისი თქმით, ისინი იმ ამომრჩევლების მობილიზებას შეეცდებიან, რომელმაც წინა არჩევნებზე სახლებში დარჩენა ამჯობინეს. 

არსებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატად პარტიის შიგნით არჩევანი გია თევდორაძესა და კოტე რატიანს შორის უნდა გაკეთდეს,  ასევე განიხილება იმერეთთან დაკავშირებული ცენტრალურ ოფისში მყოფი პარტიის წარმომადგენლები, ასეთად იმერეთის ყოფილი გუბერნატორის ვახტანგ ბალავაძის კანდიდატურა სახელდება.

 აღნიშნულთან დაკავშირებით, გია თევდორაძის აცხადებს, რომ  მათი მერობის კანდიდატი მაქსიმალურად იქნება "ქუთაისელი მოსახლეობის ინტერესებს მორგებული". მისივე თქმით, ადგილობრივი ლიდერების გარდა განიხილებიან  "ქუთაისური წარმომავლობის ცენტრალური ფიგურები". 

როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში "ნიუპრესს" განუცხადეს, ქუთაისში მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარტიას ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, შესაბამისად, არც ის არის გარკვეული, კანდიდატი ადგილობრივი იქნება, თუ არა. 

 

მსგავსი:

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციას საარჩევნო სია დაუწუნეს?

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატურებს ასახელებს

ქუთაისის მერობისთვის გოჩა თევდორაძე იბრძოლებს?

ავტორი: ირინა მაკარიძე