|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ რა ოდენობის პრემია მიიღო ქუთაისის მერიაში?

ქუთაისის საკრებულოსათვის 2016 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ გრძელდება ტენდენცია და ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები კვლავ შემცირებულია, დაზოგილი თანხა კი სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გადანაწილდა.  როგორც "ნიუპრესის" მიერ გამოთხოვლი ინფორმაციით ირკვევა, 2012 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მომსახურეთა სახელფასო ფონდი  4 852 296 ლარს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს 3 321 500 ლარით განისაზღვრა და 1 530 796 ლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ანაზღაურების მხრივ ქუთაისი სხვა ქალაქებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.  დიდ ქალაქებთან ერთად ქუთაისს უსწრებენ ზესტაფონი და ზუგდიდი. ერთსა და იმავე პიზოციაზე სახელფასო სარგო მნიშვნელოვნად განსხვავდება.  მაშინ, როდესაც თვითმმართველობა ადმინისტარციული რესურსების შემცირებით თავს იწონებს, აღნიშნული დიდ პრობლემად მიაჩნიათ დაბალ საფეხურზე დასაქმებულ თანამშრომლებს და აცხადებენ, რომ ეს არის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქალაქიდან კადრების გადინება ხდება.

შესაძლო დაბალი ანაზღაურების გამო ქუთაისს ამ დრომდე რომ არ ჰყავს მთავარი არქიტექტორი, ამას ქალაქის მერიც ადასტურებს და აცხადებს, რომ მზად არის აღნიშნულ პოსტზე ხელფასი მის სახელფასო სარგოზე მაღალი დააწესოს.

რაც შეეხება თავად ქალაქის პირველი პირის სახელფასო ანაზღაურებას, ის 2015 წლის 25 მარტის #86 დადგენილების თანახმად, 2 750 ლარს შეადგენს. მერის პირველი მოადგილის ნოდარ მიქიაშვილის ხელფასი 2 100 ლარია, მერის მოადგილის კონსტანტინე ქავთარაძის 2 050, ხოლო სამსახურის უფროსებს ყოველთვიურად 1 700 ლარი ერიცხებათ (მითითებულ თანხებს ექვითება საშემოსავლო გადასახადი).

როგორც ცნობილია, ქალაქის ხელმძღვანელობამ პრემირების ახალი სისტემა დააწესა, რის გამოც თანამშრომლები პრემიას დამსახურების და შესრულებული სამუშაოს მიხედვით იღებენ.  

მიმდინარე წელს პრემიის სახით მერიაში ჯამში, 201 702 ლარი გაიცა. აქედან სხვადასხვა თანამშრომლებმა 179 252 ლარი აიღეს. რაც შეეხება ვიცე–მერებსა და სამსახურის უფროსებს, მათ მიერ მიღებული პრემიები შემდეგნაირად გამოიყურება.

ყველაზე დიდი ოდენობის პრემია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსს მალხაზ ბასილაძეს აქვს აღებული – 5 100 ლარის სახით. მას მოყვება არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი, რომელსაც წელს პრემიის სახით 4 700 ლარი აქვს მიღებული.

  3 400 ლარი აიღო ადმინისტრაცილ სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ. 2 100 ლარით განისაზღვრა მერის პირველი მოადგილის ნოდარ მიქიაშვილის პრემია.  მერის მოადგილის, კონსტანტინე ქავთარაძის პრემიამ კი 2 050 ლარი შეადგინა.  მან პრემია ბოლო ორი წლის განმავლობაშო მხოლოდ ერთხელ აიღო. 1 700–1 700 ლარის ოდენობით აქვთ აღებული პრემიები ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსს პაატა კლდიაშვილს, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსს, ვლადიმერ ნაკაშიძესა და კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს, ვაჟა ჯუღელს.

რაც შეეხება ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას მიმდინარე წელს პრემია საერთოდ არ აუღია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი