"ვინმე თუ აკონტროლებს საერთოდ, რას ვჭამთ, რას ვყიდულობთ?"
ქუთაისში, მომხმარებელმა მარკეტში შპს "ელვის" შეფუთული პური შეიძინა, რომელიც საჭმელად უვარგისი აღმოჩნდა. მომხმარებელი აღნიშნულის გამო პრეტენზიას გამოთქვამს. როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, ხშირია მარკეტებში გაფუჭებული პროდუქტის რეალიზაცია, რომელმაც, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
"მარკეტში შეფუთული პური შევიძინე, ვინაიდან, მეგონა, უფრო დაცული იქნებოდა, თუმცა პური რომ გავხსენი, ისეთი რამ აღმოვაჩინე, ფსიქოლოგიურად მოვიწამლე. ზოგადად, ძალიან ხშირია მსგავსი ფაქტები. ხშირად იყიდება უვარგისი პროდუქტები, რომლებმაც, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ვინმე თუ აკონტროლებს საერთოდ პროდუქტებს, რას ვჭამთ, რას ვყიდულობთ? ამიტომაც არის ამდენი დაავადებები, პური ვეღარ გვიჭამია",–აცხადებს მოქალაქე, რომელმაც საკუთარი სახელის დასახელებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, პურში, სავარაუდოდ, მღრღნელის ნარჩენი იყო.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, პურის ხარისხის კონტროლი ხორციელდება, რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ- 15 01, რომ შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი