|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წერილები ახალგაზრდებს ეკუთვნის და არა მხოლოდ ერთ ადამიანს"-დაჩი იოსელიანი

"წერილები დაჩის"- ამ სახელწოდებით გამოიცა ოტია იოსელიანის წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს ქუთაისში გაიმართა.

წიგნი მწერლის იმ წერილების მიხედვით შეიქმნა, რომლებიც მან შვილს, დაჩი იოსელიანს მისწერა. წიგნი „დაჩის ზღაპრების“ თითქოსდა გაგრძელებაა, ოღონდ - არა ზღაპარი, არამედ პუბლიცისტური შემეცნებითი ხასიათის.

პრეზენტაციას თავად წერილების ადრესატი, მწერლის შვილი დაჩი იოსელიანი ესწრებოდა.

"წერილები, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი  და არა მხოლოდ ერთი ადამიანისათვის. უბრალოდ, სახელი ქვია ასე, თორემ მწერალი თაობებს მიმართავს. ის წუხდა, რომ ახალგაზრდობა ვერ ვითარდებოდა საჭირო  მიმართულებით და ამის შესახებ თავის წერილებში წერდა. ჩვენ, მისმა მემკვიდრეებმა გადავწყვიტეთ, წერილები ერთად შეგვეგროვებინა და წიგნის სახით  მიგვეწოდებინა მკითხველისათვის", -განაცხადა დაჩი იოსელიანმა.

წიგნი გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ გამოიცა. პრეზენტაციაც მათ მიერ "თიბისი გალერეაში" გაიმართა. მასში 80 წერილია თავმოყრილი. გამომცემლობის მთავარი რედაქტორის ზვიად კვარაცხელიას განცხადებით, წიგნზე მუშაობა საინტერესო იყო, რადგან ოტია იოსელიანი ყველა თაობის საყვარელი მწერალია.

"წერილები დაჩის" გამორჩეულია ილუსტრაციებითაც. მასზე მხატვარმა დეა სოსელიამ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა.

"წიგნში 80 წერილია და 80 ილუსტრაცია ახლავს. შევეცადე, ყველა მათგანისათვის საერთო კონტექსტი მომეძებნა.  ძალიან რთული სამუშაო იყო, ამიტომ მომიწია ერთი წლის განმავლობაში მუშაობა. ვეცნობი მოქალაქეების მოსაზრებას და მხოლოდ მადლობა მესმის და მიხარია, რომ  ჩემი ნამუშევარი მოსწონთ"-განაცხადა დეა სოსელიამ.

წიგნის პრეზენტაციას მწერლის ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დაესწრენ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი