|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"წყალტუბოს მიმართ ტურისტული ბიზნესის, სამშენებლო კომპანიების ინტერესი გაათმაგდა"

 მას შემდეგ, რაც წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, წყალტუბოს მიმართ ინტერესი გაათმაგდა- ამის შესახებ იმერეთის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც წყალტუბოს განვითარების პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს, როგორც ადგილობრივი ტურისტული სექტორი, ასევე უცხოური ბიზნესი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა წყალტუბოს მიმართ ტურისტული ბიზნესის, სამშენებლო კომპანიების მიერ. შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისის ტურიზმის ცენტრში მომართვიანობა გაათმაგებულია, ინტერესი, თუ როგორი გეგმები აქვს სახელმწიფოს წყალტუბოს განვითარების მიმართულებით.

ევროპულ ქვეყნებთან ერთად გამოიკვეთა აზიური ქვეყნების ინტერესი, როგორიცაა მაგალითად, ყაზახეთი, ისრაელი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია ბალნეოლოგიური და თერმული წყლებით, აქამდე ჩვენ ასეთი ინტერესები არ გვქონია, ძირითადად დასავლეთ ევროპიდან შემოსული ინტერესებით ვმუშაობდით და მას შემდეგ, რაც წყალტუბოს განვითარების გეგმა გაცხადდა, მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა არა მარტო ევროპის, არამედ აზიის ქვეყნებიდან", - განაცხადა იმერეთის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, წყალტუბოს განვითარების გეგმის გაცხადებამ გააჩინა ახალი პერსპექტივების და რეგიონში ტურიზმის განვითარების ახლებური ხედვა.

„თუ დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პირდაპირი ფრენები ევროპული ტურისტული ნაკადის შემოდინების მთავარი წყაროა, ძლიერი, განვითარებული ბალნეოლოგიური კურორტი იქნება დიდი მიზიდულობის ცენტრი აზიის ქვეყნებისათვის, რომელთა ინტერესის სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა სამკურნალო ტურიზმი.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმერეთში არსებულ ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმრო სექტორთან, კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რომელთათვის აღნიშნული პროექტი არის დიდი სტიმული. გაჩნდა საინვესტიციო წინადადებები.

შესაბამისად ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენ მივიღებთ ვიზიტორების გაცილებით დიდ რაოდენობას, რაც თავის მხრივ, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით გამოიწვევს სხვა უამრავი სფეროს განვითარებას.

ჩვენი ვარაუდით, იმერეთის რეგიონი უახლოეს მომავალში გახდება ფლაგმანი ტურისტულ დესტინაციებს შორის საქართველოში", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი