|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

წყალტუბოში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.  გაიმართა წინასაახალწლო ღონისძიება, სადაც  თანაქალაქელებსა და სრულიად საქართველოს დამდეგი  2018 წელი  ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა  წინასწარ მიულოცეს.
 
 
,, მიხარია, რომ წელს ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზია, მადლობა ყველას, ვინც შრომა და მონდომება არ დაიშურა და შეეცადა გამხდარიყო წყალტუბო უფრო ფერადი და განათებული. მჯერა, რომ 2018 წელს ერთად შევძლებთ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებასა და საუკეთესო წამოწყების დაგვირგვინებას. გისურვებთ, სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს, რაც ყველას ძალიან გვჭირდება" - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
 
წინასაახალწლო კონცერტზე წყალტუბოელებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვებით მიმართეს და ახალი წელი მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა, მოადგილემ პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა.
 
ტრადიციულად, ანსამბლმა ,,ნადურმა’’ მრავალჟამიერი შეასრულა.  საახალწლო კონცერტში, საესტრადო მუსიკალური სტუდიების: ,,ოცნების’’, ,,ცისარტყელას’’, ქუთაისის სახელოვნებო სკოლისა და მაღლაკის კულტურის სახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
 
სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა კონკურსის: -,,ყველაზე მანათობელი კომპოზიციის’’ გამარჯვებულები: ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება’’ (პირველი ადგილი), ა(ა) ი.პ წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრი(მეორე ადგილი) და ქალაქის #2 საჯარო სკოლა(მესამე ადგილი).
გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
 
,, წინასაახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულად დაიგეგმა, დღესასწაულად ვაქციეთ ნაძვის ხის მორთვაც, რომელშიც მთელი ქალაქი იყო ჩართული. განსაკუთრებით იაქტიურეს სკოლებმა, ბაღებმა, ახალგაზრდებმა. ჩვენი ორგანიზებით, წელს პირველად მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა და მანათობელი კომპოზიციების კონკურსი. ნაძვის ხის ანთებამდე გალამაზდა და ხალხმრავალი გახდა ცენტრალური პარკის ტერიტორია, ’’ - განაცხადა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.
 
 
წყალტუბოში საახალწლო ღონისძიებები ძველით ახალ წლამდე გრძელდება. 1 იანვარს, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება. აქ მოსული ყველა ბავშვი ტკბილეულით დასაჩუქრდება. კონცერტები ჩატარდება 2 და 7 იანვარს. ახალი წლის დღეებში ბავშვებს თოჯინების თეატრი უმასპინძლებს.
 

ავტორი: ნიუპრესი