"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დააზიანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და გამოჭრა ფარდული"-გიგა შუშანია
ქუთაისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობიდან გიგა შუშანია ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში ადანაშაულებს.
გიგა შუშანიამ მონ პლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კედელზე კარის გამოჭრა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამით სივრცითი არეალი დაირღვა. მისი თქმით, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა.
„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, რომელიც არის ახალ რეაბილიტირებული და ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ლოკაციია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააზიანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და გამოჭრა ფარდული. ქუთაისის მერია ამბობს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის, ვინაიდან ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გაიცა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ქუთაისი პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას არ ადარდებს, მათი საქმეა მხოლოდ კორუფცია და ბიუჯეტის სახსრების საკუთარ კომფორტზე მორგება “,-აცხადებს შუშანია.
ბრალდებებს უარყოფს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე. მისი თქმით, შეთანხმებული პროექტი არ ითვალისწინებდა ჩარჩოს გამოჭრას.
„ამ ეტაპზე, არ მაქვს ნანახი სანებართვო მოწმობა ითვალისწინებდა თუ არა ღიობის ამოჭრას, თუმცა გვაქვს დიდი ეჭვი, რომ პროექტის შეუთანხმებლად მოხდა ეს ქმედება. ორშაბათისთვის, ჩვენი ზედამხედველობის სამსახური დეტალურად შევისწავლის, არის თუ არა ეს კანონდარღვევა“,- განაცხადა ბარამიძემ.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი