|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოქალაქეები 3 თვით დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლდნენ

ქუთაისის მოქალაქეები 3 თვით დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლდნენ.- გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ 27 მაისის სხდომაზე მიიღო. 

მარტის აპრილს და მაისის თვის გადასახადს, რომელიც ადგილობრივ მოსაკრებელს წარმოადგენს, მოქალაქეები აღარ გადაიხდიან, ხოლო მათ, ვინც ეს გადასახადი უკვე გადაიხადა,  თანხა დეპოზიტზე დაუჯდებათ. ამ შეღავათის შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი 180 ათას ლარს ვეღარ მიიღებს. 

შეღავათები დაუწესდათ სატრანსპორტო, გადამზიდ კომპანიებს, რომლებიც ასევე სამი თვის ადგილობრივ გადასახადს აღარ გადაიხდიან. შედეგად, კომპანიებს, ჯამში, 200 ათასი ლარის გადახდა აღარ მოუწევს.

 ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის ცნობად მიიღო გასული წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.

დღესვე გაირკვა, რომ ამიერიდან ქალაქში ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებზე რეაგირებას მერიის ზედამხედველობის სამსახური მოახდენს. 

მთავრობის მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, საცხოვრებელ ზონებში, მოქალაქის პრეტენზიის შემთხვევაში,  ხმაურის დონეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები  ხმაურსაზომი აპარატით გაზომავენ. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენების შემთხვევაში კი, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.  პიროტექნიკის გამოყენება მხოლოდ 1-ელ და 2 იანვარს არის დაშვებული. 

 დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე