|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა"-ილია მეორე

ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა, - აცხადებს პატრიარქი თავის ეპისტოლეში. საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლების თემას შეეხო. 

"დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც. თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, — გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, — ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, — როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა — სიკვდილის ტოლფასი. ამასთან, არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: "ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს" (მათე 5,22)"-ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

შეგახსენებთ, სიტყვის თავისუფლების თემა ბოლო დროს აქტუალური გახდა, ამ საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის საახალწლო მილოცვაში გაამახვილა ყურადღება, რაც საზოგადოების ერთ ნაწილმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნია.

 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა