ხუთი შვილის დედამ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო
ქუთაისში, ხუთი შვილის დედამ მერიასთან შიმშილობა დაიწყო. ნანა დეისაძის განცხადებით, ის თაღლითური სქემის მსხვერპლია, 2008 წელს იპოთეკით დატვირთული სახლი ისე გაუყიდეს, რომ მას არ გაუგია. ნანა დეისაძეს კერძო მევახშე დღეს ბინის დაცლას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლებით ემუქრება. დაზარალებული დეისაძის მტკიცებით, ის გუშინ დაიბარეს პოლიციის მეორე განყოფილებაში და სახლის დაცლის განცხადებაზე ხელი ზეწოლით მოაწერინეს.
„გუშინ ვიყავი პოლიციის მეორე განყოფილებაში. მითხრეს, რომ სხვის სახლში ვარ შეჭრილი და უნდა დავცალო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამიჭერდნენ და ჩემ შვილებს ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ. „რატომ იფუჭებ თავს, რად გინდა ნასამართლეობა და შენს შვილებს რატომ ამწარებო“, მეუბნებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და იძულებული გავხდი ხელი მომეწერა, რომ დღეს დავცლიდი ბინას. მოვედი მერიასთან და თუ დასაჭერი ვარ, მოვიდნენ და აქვე დამიჭირონ, სხვა გამოსავალი მაინც არ მაქვს“, -განაცხადა დეისაძემ.
მასთან ერთად მერიის წინ იმყოფებიან მისი დედა და 5 მცირეწლოვანი ბავშვი. ნანა დეისაძეს მხარდაჭერას უცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გოგი წულაია ხელისუფლებას და სახალხო დამცველს დეისაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ნანა დეისაძემ დახმარებისთვის ქუთაისის მერიას მიმართა. მერიაში აცხადებენ, რომ დეისაძე ერთჯერად დახმარებას არ ითხოვს მერიისგან, მას ქონების გამოსყიდვა სურს, რაც მერიის კომპეტენცია არ არის. ნანა დეისაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიციაც.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი