|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვამლის მისტიური მთა - მითები თუ რეალობა?

ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი, იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. ეს არის მთა, რომელზედაც ზევსის ბძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე. ხვამლის მთის მისტიურობა ბევრს იზიდავს და მას ხშირად სტუმრობენ როგორც  ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები, ისე არქეოლოგები და მეცნიერები. რა საიდუმლოებას ინახავს ხვამლი? „ნიუპრესი“ მთაზე ექსპედიციაში და სალაშქროდ მყოფ ადამიანებს გაესაუბრა. 

თემურ კალენიკე ყურაშვილი ერთ-ერთია იმ მოლაშქრეთაგან, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ეცნობა. მას განსაკუთრებით მთებში ხეტიალი მოსწონს,   ნანახ  სილამაზეს საკუთარი აპარატის ობიექტივში აქცევს და ინახავს. ამბობს, რომ ხვამლის მთა მართლაც ის მისტიური ადგილია, სადაც ერთმანეთის გვერდით მითი და რეალობა  არსებობს. „ხვამლის მთა მართლაც მისტიური ადგილია. ერთ ამბავს მოგიყვებით, ლეჩხუმში მოგზაურობის დროს ადგილობრივებმა მიამბეს. იქ თურმე არსებობს გამოქვაბული, რომელშიც შესული უკან არავინ დაბრუნებულა, თუ გამოსულა, ან კლდიდან ჩამოვარდნილა,  ან სხვა რამ უბედურება დამართვნია. ეს ჭორი არ არის. თავად ვიყავი ოჯახში, რომლის წევრიც ასე დაიღუპა. გარდა ამისა, ხვამლის მთასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ თურმე ღამით ამირანის ხმა ისმის, მაგრამ მე ეს ხმა არ გამიგია. ლეგენდები არსებობენ იმისათვის, რომ გაალამაზონ სინამდვილე“, - ამბობს თემურ ყურაშვილი.

 XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი  ეწვია, რომელიც ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების მოგზაურობის, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, რომ ადგილობრივებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ, როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად, პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა. არებობს თქმულება, რომ ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ხვამლის მთაზე კლდე იხსნება და  მიჯაჭვული ამირანის დანაახვაა შესაძლებელი.

 

 „მე და ჩემი მეგობრები რამდენჯერმე ვიყვით მთაზე, ერთხელ ჩვენს მეგობარს მოვატყუეთ, რომ იქ ქაჯები და მოჩვენები იყვნენ და ჩვენს გარეშე არსად წასულიყო, მერე მივხვდით, რომ ზედმეტად შევაშინეთ და ვუთხრით, რომ მსგავი არაფერი ხდებოდა. ეს ულამაზესი ადგილია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს. სიმართლე გითხრათ, ჩვენ, როგორც ჩანს, ვერ მოვახერხეთ იმ შვიდ წელიწადში ერთხელ მომხდარ მოვლენას შევსწრებოდით. სამაგიეროდ, გვეძინა მგლებთან ერთად. ცხოველები საშიში არ არიან, მოდიან და უბრალოდ, ამოწმებენ, ვინ არის მათ ტერიტორიაზე. ასე რომ თამამად შეუძლია ყველას, დატკბეს ამ მთის სილამაზით. მასში ნამდვილად არის რაღაც მისტიური და  ამიტომ იზიდავს მნახველებს“, - აღნიშნა თემურ ყურაშვილმა.

ხვამლის მთაზე ექსპედიცით ხშირად დადის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პრეოფესორი ირაკლი ჯულაყიძე. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, სტუდენტების დაინტერესება მთით საკმაოდ მაღალია. „ჩვენ დაგვყავს სტუდენტები და მაგისტრები ხვამლის მთაზე.  თუმცა, სტუდენტებთან ერთად არქეოლოგიური კვლევა არ გვიწარმოებია, ეს ეკოლოგიურ და პალეოზოოლოგიურ კვლევებს ეხება! ახალგაზრდების დაინტერესება ძალიან დიდია, მისი მისტიკა ხიბლავს ყველას, ასაკისდა მიუხედავად.  ულამაზესი ლანშაფტები ვერავის ტოვებს გულგრილს“, - ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.

ხვამლის მთაზე საგანძურის არსებობაზე ბევრს საუბრობენ. თავის მოსაზრება აქვს ირაკლი ჯულაყიძეს: „ქართლის ცხოვრებაში მოიხსენიება ხვამლის მთა.  ყურადსაღებია, რომ ქართლის ცხოვრება ფრიად სანდო წყაროა.  ეჭვსგარეშეა, რომ ხვამლი მდიდარია არქეოლოგიური არტეფაქტებით, რაც შეეხება ყბადაღებულ ოქროს, ხვამლზე არის ოქროც, ე.წ. სამეფო ოქრო, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს კოლხური ოქროა, რამეთუ უცნობია, სად წავიდა „ოქრომრავალი“, როგორც მას აპოლონ როდოსელი მოიხსენიებს, კოლხეთის ოქრო? საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ოქროს ნივთები, ალბათ, მცირედია იმ აურაცხელ სიმდიდრეს შორის, რაზეც ბერძნები საუბრობდნენ.  თუმცა, ეს სატყუარაა ხარბი ადამიანებისთვის.  ხვამლის მთაზე არის ინფორმაცია, საკრალური ცოდნის გასაღები, რომელსაც ვერასდროს იპოვის ოქროსმოყვარული და ეგომოძალებული ადამიანი“, - აღნიშნა ჯულაყიძემ.   

 

მთავარ მითზე, მიჯაჭვული ამირანის შესახებ უნივერსიტეტის პროფესორსაც ვკითხეთ.  საინტრესოა, სად გადის  ზღვარი მითსა და რეალობას შორის ხვამლის მთის შესახებ?

 “მთავარი მითი,  რომელიც ხვამლს შეეხება, არის მითი მიჯაჭვულ ამირანზე, მთელი თავისი ეგზოთერული პერიპეტიებით.  გველეშაპი,  რომელიც მას ყარაულობს, რომელიც გვერდს იცვლის წელიწადში ერთჯერ.  ამის გამო წყალი 6 თვე რიონისკენ მიედინება, 6 თვე ცხენისწლისკენ. ის რომ ამირანის დანახვაა შესაძლებელი და იქ ვიღაც მკერდს კორტნის და მსგავსი,  მხოლოდ  ლეგენდაა, საძიებელია მისი ეზოთერული აზრი.  უდავოა, რომ ამირანი-პრომეთე ცეცხლთან, ე.ი. მეტალურგიასთან არის დაკავშირებული, დრაკონი საიდუმლო ცოდნის სიმბოლოა, ცეცხლი ერთ-ერთი სტიქია, რომელსაც   ადამიანი მოიხმარს.   თუ ლეგენდას, მითს და ზღაპარს წავიკითხავთ, ასოებს შორის ბევრი საინტერესო რამის ამოკითხვაა შესაძლებელი.  სიმბოლოებით გადაჭედილ ხვამლს მიდგომაც შესაბამისი უნდა“, - აღნიშნა ირაკლი ჯულაყიძემ.

ხვამლის მთაზე წელს არქეოლოგიური ექსპედიცია კომპანია „არდის“ მხარდაჭერთ ჩატარდა.  ექსპედიციას არქეოლოგი დავით სულხანიშვილი ხელმძღვანელობდა.  ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა. მაშინ მთასვლელმა განაცხადა, რომ იქ  არაფერი იყო, თუმცა იქ რეალურად არსებობს  რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ უცნობია.

 არსებობს თუ არა ხვამლის მთის გულში მიწისქვეშა ქალაქი? - ამის შესახებ არქეოლოგმა "კვირის პალიტრას" ესაუბრა:  „ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თითქოს არაფრისმთქმელი მიწისზედა წრიული რელიეფის გათხრისას მთელ კომპლექსს წავაწყდით. ის ორი წრიული და ერთი ნახევრად წრიული მშრალად ნაგები ქვის გალავნისაგან შედგებოდა. მსგავს წრიულ, ძვ.წ.-ით პირველი ათასწლეულის ნაგებობებს აფხაზეთშიც ვხვდებით, მაგრამ არა ისეთ დასრულებულ კომპლექსებს, როგორიც ხვამლის მთაზეა. რაც მთავარია, ყველა ეს კომპლექსი ებჯინება მღვიმე-გამოქვაბულს, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია. ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე 11 კომპლექსი აღმოვაჩინეთ და ყოველი მათგანი დაახლოებით სიგრძით 1,5 მ, სიგანით 70 სმ და სისქით 40 სმ ლოდით არის ამოქოლილი. შემდგომში კი, საუკუნეების განმავლობაში, შესასვლელები მიწამ, ბალახმა და ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა - ამ ადგილს შემთხვევით კი არ ეწოდება მაყვლოვნის გორა.  ჩვენი ხვამლის ქვა ხელოვნების ნიმუშია - დაახლოებით ერთსანტიმეტრიან ქვაზე 8 ოთხკუთხედი და 6 სამკუთხედია ამოკვეთილი, ამ უკანასკნელებში კი ფიგურებია ჩახაზული, რომელსაც ახლა ვშიფრავთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, - ველით, რომ ხვამლის მთა სულ უფრო მეტად გაგვიხსნის გულს და მეტ საოცრებებს დაგვანახებს.  ეს აღმოჩენები ბატონი გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას მივუძღვენით. სწორედ მას ეგულებოდა ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქი... ბედნიერება იქნება, თუკი ეს ასე იქნება და მისი აღმოჩენის მოწმე ჩვენ გავხდებით “, - აცხადებს  დავით სულხანიშვილი გამოცემასთან საუბარში.  

რა საიდუმლოს ინახავს ხვამლი? - კითხვა ჯერ ისევ კითხვად რჩება. თუმცა ზღაპარ - ამბებით აღსავსე  მისტიური მთა სტუმრების ნაკლებობას არ უჩივის. ხვამლის მთა მოლაშქრეების და არქეოლოგების საყვარელი ადგილია.

 

 

 (ხვამლის ფოტო გადაღებულია  არჩილ გეგენავას მიერ)

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა