|
  • EUR 1 = GEL 3.9722
  • USD 1 = GEL 3.3185
|

ხვამლის მთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვეტერანი სამხედროები მონაწილეობენ

ხვამლის მთის კვლევა-ძიების  პროცესში ქართველი სამხედრო ვეტერანები არიან ჩართული.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის I ეტაპი მიმდინარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოების ფარგლებში უნიკალური პროექტი სააგენტოს მიერ უკვე მესამედ ხორციელდება.

ოფიცრების ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებში. არქეოლოგ დავით სულხანიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე ხვამლის მთის კვლევა-ძიების 1 თვიან პროცესში 7 ქართველი ვეტერანი სამხედრო პირია ჩართული.

ხვამლის პლატოსა და მის ფერდობებზე მდებარე არქეოლოგიური ობიექტების შესწავლას მეცნიერები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენების, უძველესი მატელურგიული კერების არსებობის, ხვამლის გამოქვაბულების დანიშნულების - მათი ქრონოლოგიისა და სტრატიგრაფიის, აღმოსავლური და დასავლური კულტურების ურთიერთკვეთის საკითხების გარკვევასთან აკავშირებენ.

  

 

 არქეოლოგების მოლოდინს ამყარებს 2007, 20015-20016 წწ წარმოებული სადაზვერვო, გაწმენდითი და გათხრითი სამუშაოები, რომლის შედეგად გამოვლენილი ობიექტები უკვე დათარიღდა გვ. ანტიკური ხანით.

არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი მასალის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ძვ.წ I ათასწ. I ნახევარსა და რომაულ, ადრეშუასაუკუნეებისა და განვითარებულ ფეოდალურ პერიოდებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოჩენილი „ირაკურის ქვა“ რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ მოეპოვება.

ხვამლის მთაზე არქეოლოგიური გათხრების 2 წლიანი პროცესის შედეგად გამოვლენილი არქიტექტურული ნაშთები მეცნიერებს წინასწარული დასკვნის მიხედვით ძეგლის წინაანტიკური ხანით დათარიღების საფუძველსაც აძლევს.

დაზვერვითი სამუშაოების საფუძველზე არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესის შედეგად ხვამლის მთაზე მოძიებული არტეფაქტების კავკასიის უნიკალურ არქიტექტურული კომპლექსებთან სისტემატიზაცია გახდება შესაძლებელი.

ხვამლის მთის კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების პროცესს დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამართველოს უფროსი დავით დავლაშელიძე დაესწრნენ, რომლებმაც ექსპედიციის მონაწილენი სამეცნიერო ლიტერატურით დაასაჩუქრეს.

ანალოგიური პროგრამა სააგენტოს ორგანიზებით ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსზე 2 წლის განმავლობაში უკვე განხორციელდა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვინჩესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამაზე მოსწავლე სამი ბრიტანელი ვეტერანი ჯარისკაციც მონაწილეობდა.

  

სააგენტოს ინფორმაციით,  ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით, მიმდინარე წელს ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს. ამ ტიპის თანამონაწილეობასთან ერთად, მემორანდუმი სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმ ნაკრძალებსა და მუზეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საფასურის გარეშე მომსახურებით სარგებლობასაც მოიცავს.

 

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.91%
მცირე დარღვევებით - 15.22%
გაყალბებით - 60.87%
სულ - 46 ხმა