|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა

ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა -ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უკვე თვითიზოლაციაში არიან.

"ზესტაფონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება სატვირთო ავტომანქანის მძღოლს. მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს და ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად, შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათ თვითიზოლაციის პირობებს, ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა "კოვიდ 19". ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენი ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს, როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში, ყველა ადამიანი იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

29 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში დადასტურებული კოვიდ 19-ით ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სომხეთიდან შემოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ავტორი: ნიუპრესი