|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამო მოკვლევას დაიწყებს

ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ  განცხადება გაავრცელა. "ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ მთავრობის წევრებთან მისვლის და შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. იმის მიუხედავად, რომ  ქალაქ ოზურგეთში დაგეგმილ ღონისძიებებს ყველა მედიასაშუალება და ჟურნალისტი დაუბრკოლებლად აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მზად არის ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა და სამართალდარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულზე რეაგირება მოახდინოს",-ნათქვამია შსს- მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შსს-ს განცხადებას კი წინ უძღვოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადება, რომლის თანახმად,  "ამ თვეში, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ჟურნალიტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის უკვე მეორე შემთხვევაა. 2 სექტემბერს ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ქედაში მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა.  საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ის, რაც 2 სექტემბრის განცხადებაში იყო აღნიშნული: სამწუხაროდ, ამგვარ ფაქტებს, თითქმის არასოდეს მოჰყვება სახელისუფლო ორგანოებისა და ხელისუფლების უმაღლესი პირების სათანადო რეაქცია. რეაგირების გარეშე დატოვებული შემთხვევები, უფრო მეტიც, მედიის მიმართ, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გამოთქმული ხშირი კრიტიკაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს შედარებით დაბალ იერარქიულ კიბეზე მდგარ ჩინოვნიკებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს გააზრებული ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის აუცილებლობა, როგორიც არის მედია“,-ნათქვამია ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

 შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა. მისი განცხადებით, მას პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის  დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ "გვერდზე გაიყვანა" და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. ინციდენტი პრემიერ-მინისტრისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავების შესახებ დასმულ შეკითხვას მოჰყვა.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა