|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

ზვიად შალამბერიძე ამერიკელ ბიზნესმენს მარკ გიზბურგს შეხვდა

 ქუთაისში 3-4 მაისს დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნესფორუმი, საინვესტიციო გარემო იმერეთის რეგიონში, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები - ეს ის საკითხებია, რომელიც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ უკრაინაში მოღვაწე ამერიკელ ბიზნესმენ მარკ გინზბურგთან შეხვედრაზე განიხილა.

ბიზნესმენმა სურვილი გამოთქვა, რომ 3-4 მაისს ქუთაისში საერთაშორისო ბიზნესფორუმს დაესწროს, იმერეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს და ფორუმის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მისივე თქმით, შეეცდება, რომ ქუთაისს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესმენებთან ერთად ეწვიოს. სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე მარკ გინზბურგმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც ამჟამად ქუთაისში მიმდინარეობს, რადგან არსებული გამოწვევების ფონზე შესაძლოა, დღეისთვის არაპოპულარულად მიჩნეულმა პროფესიებმა პოპულარული პროფესიები ჩაანაცვლოს და ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია არსებობდეს უნივერსიტეტი, სადაც სხვადასხვა მიმართულებით უმაღლესი დონის განათლების მიღების შესაძლებლობა იქნება. ამასთან, ბიზნესმენმა საქართველოს შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან კარგად იცნობს ქვეყნის პოტენციალს და არსებულ ვითარებას.

მარკ გინზბურგმა, რომელიც ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტის დარგში საერთაშორისო ექსპერტად მიიჩნევა, თავისი პირველი ბიტკოინი 2013 წლის მარტში შეიძინა და მას მერე კრიპტობიზნესში დარჩა. ის კითხულობს ლექციებს სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებში, ექსპერტის რანგში მონაწილეობს საერთაშორისო ბიზნესფორუმებში, არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირი.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მარკ გინზბურგთან შეხვედრით უკრაინაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ავტორი: ნიუპრესი