ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პატიმრებს დასაქმებისა და ფულის გამომუშავების საშუალება ექნებათ

21 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 2

პატიმრებს დასაქმებისა და ფულის გამომუშავების საშუალება ექნებათ

„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, „პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი“ დამტკიცდა.

ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადდა და მასში გაწერილია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დასაქმდეს ბრალდებული/მსჯავრდებული, კერძოდ – მცირე სარემონტო სამუშაოები (იატაკისა და ჭერის მოწყობა, ღებვა, კედლების შეფითხვა, სველი წერტილების შეკეთება); ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გაზონების მოწყობა/მოვლა; ავეჯის, მათ შორის-საწოლის, მაგიდის, სკამის, ტუმბოს და სხვა ნივთების შეკეთება; ასევე, სხვა სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და არ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

ბრძანების თანახმად, აკრძალულია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს, ასევე, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება ისეთ სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების ფასადის შეღებვასთან, სახურავების მოწყობასა და შეკეთებასთან.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, დასაქმება შესაძლებელია მისი წერილობითი განცხადებით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციით, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ბრძანების თანახმად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, შეიძლება გაყვანილნი იქნენ სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, კანონმდებლობით დადგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, შესაბამისი ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება, როგორც წესი, დღიურად, დღეში 20 ლარის ოდენობით, ნამუშევარი საათების შესაბამისად განისაზღვრება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით სასჯელაღსრულების სამინისტრო არაერთ სიახლეს ნერგავს. მათ შორისაა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების ონლაინრეალიზაცია, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავლის მიღების შესაძლებლობას და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით.

თეგები: პატიმრებისამართალი