ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა

13 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 1

შსს-მ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

ამოღებულია 730 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 14 აბი „მეტადონი“. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

პოლიციამ, ასევე, ირანის მოქალაქე დიდი ოდენობით „ჰაშიშის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰაშიში ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,4823 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 9 კილომდე ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი, ასევე, 1 კილო და 700 გრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

თეგები: სამართალი