ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს “საქნახშირის” საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან და დაიკითხებიან მოწმეები.
ერთ-ერთი ბრალდებულის გოჩა ქასრაშვილის ადვოკატის გიორგი ლეკიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება 5 ბრალდებულს მათ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.
მათი ადვოკატი საქმის გადადებას მოითხოვს, რადგან მისი თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების შემთხვევაში გამოსაკვლევი არაფერია, რადგან ბრალდებას აღიარებენ.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 5 აპრილს მომხდარ აფეთქებას, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო მოპოვებითი სამუშაო წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.