ბანკების ქეშბექ პოლიტიკით საზოგადოება სკოლის ფორმებს ბევრად იაფად შეიძენს. – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სკოლის ფორმების გაყიდვების არხების შესახებ საუბრისას განაცხადა.
“საცალო ვაჭრობისას კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს ქეშბექ პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს და, რა თქმა უნდა, მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, თუ როგორ შეიძენს.
ამიტომ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ამ ქეშბექ პოლიტიკით, რაზედაც ჩვენ ბანკებთან მოლაპარაკებები ვაწარმოვეთ, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაეწესებინათ, საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან ამ ფორმებს ბევრად უფრო იაფად შეიძენს, ვიდრე ეს განსაზღვრულია იმ ტარიფით, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული”, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი საცალო სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება, თუმცა მოხდება ფორმების ონლაინ არხით გაყიდვაც.
“21-ე საუკუნეში ციფრულ ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული, ეს არავისთვის აღმოჩენა არ არის. შესაბამისად, ძალიან პოპულარული არის დღითი დღე ონლაინ გამოწერები ჩვენს საზოგადოებაში. ამ პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანი არის, რომ საზოგადოებას გაუმარტივოთ ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობა. ამასთანავე საზოგადოებას უკვე ვაუწყეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში, საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ ერთი საცალო სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება.
ასევე მიმდინარეობს კომუნიკაცია იმისთვის, რომ მშობლებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია ამის თაობაზე და, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ როგორც საცალოდ, ასევე ახლა ვთავაზობთ პლატფორმის რეჟიმში ფორმების შეძენას.
აქვე საზოგადოებას ვეტყვით, რომ პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში გაიყიდება 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 15 სექტემბრიდან ვინც დააგვიანებს ან დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი ექნება, მათ უკვე მხოლოდ ონლაინ პლატფორმით უნდა ისარგებლონ”, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობილი გახდა ასევე, რომ სამთავრობო დადგენილებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა – დაემატა უფასო ფორმის გადაცემის ჩამონათვალში კატეგორია, რაც ამბობს, რომ 65 001-დან 120 001 ქულამდე თუკი არის ოჯახი შეფასებული და ამ ოჯახს აქვს მრავალშვილიანის სტატუსი და ჰყავს პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლე, ასეთი ოჯახის 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები მიიღებენ უფასოდ: ბიჭის შემთხვევაში – 1 პიჯაკს და 2 შარვალს, ხოლო გოგონას შემთხვევაში – 1 პიჯაკს, 1 ქვედაკაბასა და 1 შარვალს.