ქუთაისის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს. ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებასა და მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს.
თემო ხადურის ოჯახს სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის ლპობიდან გამომდინარე თემო ხადურის სიკვდილის მიზეზის და თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.
თემურ ხადურის დედის ნინო გვიშიანის თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც მისი შვილის სასტიკად სცემეს და სავარაუდოდ, შემოაკვდათ, ამის შემდეგ კი წყალში კვალის დაფარვის მიზნით ჩაააგდეს.
თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს. მას სამი დღე ეძებდნენ.
საქმეში დევს მომწეთა ჩვენებები, რომელთა თანახმად, თემო ხადურმა ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა [ქვა ესროლა], ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა.
სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.