ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომ ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ ბარათით გადახდა არის შესაძლებელი, მოქალაქეების უკმაყოფილება მოყვა.
ადგილობრივები თავიანთ პოზიციას სატრანსპოერტო კომპანიის ფეისბუკ გვერდზე გაკეთებული განცხადების კომენტარებში აფიქსირებენ.
„არსად წერთ ერთ რამეს: ვისაც ძველი ბარათები აქვს ტრანსპორტის შეძენილი, მათი გაცვლა არის თუ არა შესაძლებელი?
იმ ბარათზე არსებულ თანხას რა ბედი ელის?
არსად წერთ ამ ინფორმაციას.
გადაცვლაც შესაძლებელი უნდა იყოს და თანხის გადატანაც.
ასეთი დისკრიმინაცია, რომ მხოლოდ ერთი ბანკით არის შესაძლებელი გადახდა, არის მოქალაქეთა უფლებების დარღვევა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
რაც შეეხება სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, მასში გარდა იმისა, რომ ვისაც საქართველოს ბანკის ბარათი არ აქვს მგზავროვბის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს, ნათქვამია ისიც, რომ „აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ტაბლოები მუშაობს ხარვეზებით.“
„მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ!
როგორც მოგეხსენებათ, პირველი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათებითაა შესაძლებელი.
აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ტაბლოები მუშაობს ხარვეზებით.
შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზების გასასწორებლად და უმოკლეს ვადაში, ელექტრონული ტაბლოებით ინფორმაციები ზუსტად და დროულად იქნება მგზავრებისთვის მიწოდებული.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით, შექმნილი დისკომფორტის გამო”, – აცხადებს სატრანსპორტო კომპანია.
