|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2018 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსება გავზარდეთ"- ნინო თვალთვაძე

2018 წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების შემცირებას უარყოფს ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე.

 ქუთაისის ვიცე მერის  თქმით, ბიუჯეტში სოციალური სფეროსათვის განკუთვნილ  ხარჯებისათვის  თანხა მართლაც მოაკლდა და ეს არის 2 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა თანხა არ მოკლებია სოციალურ პროექტებს.  ამას კი ის ახსნა აქვს, როგორც ნინო თვალთვაძე განმარტავს, წინა წლის ბიუჯეტში სოციალური საცხოვრისის მშენებლობისათვის 2 მილიონ  900 ათასი ლარი იყო განკუთვნილი, რაც ბუნებრივია, 2018 წლის ბიუჯეტში ეს თანხა ვერ მოხვდებოდა, რამაც გამოიწვია ხარჯების შემცირება. წელს სოციალური საცხოვრისისათვის ბიუჯეტში თანხა არის განკუთვნილი, მაგრამ ეს ნახევარ მილიონ ლარამდეა.

 ქუთაისის ვიცე მერი ამ განმარტებით ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიას -უთაისის მერის ასი დღის ანგარიში- მითი და რეალობა გამოეხმაურა, სადაც საუბარია სოციალური ხარჯების კლების შესახებ.  

ნინო თვალთვაძის განცხადებით, წელს პირველად ფინანსდება რამდენიმე პროგრამა, როგორიცაა მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლთა და შშმ პირების მხარდასაჭერად.  მისივე თქმით,  ასევე  გაიზარდა თითქმის ყველა სოციალური პროგრამის დაფინანსება.

მერის მოადგილეს შენიშვნა აქვს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსების საკითხის გაშუქებასთან და განმარტავს, რომ წელს მერიის მხრიდან ამ პროგრამის დაფინანსება გაიზარდა (თუმცა კლიპში აღნიშნავდნენ, რომ აუტისტური სპექტრის დაფინანსება წელს პირველად მოხდა.) 

"45 ბავშვს ვაფინანსებთ, წელს ჩვენი მხრიდან დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა 2-ჯერ გაიზარდა, ანუ 50 ათასი ლარი იყო და წელს ჩვენი მხრიდან გამოყოფილი თანხა 125 ათასი ლარია. გარდა ამისა „m 2 უძრავი ქონება“ დებს 100 ათას ლარს, რაც ნიშნავს, რომ ჯამში, 225 ათასი ლარით, 45 ბავშვს ვაფინანსებთ" -აღნიშნა მან. 

 "რაც შეეხება პრიზს, რომელიც ჩვენმა მუნიციპალიტეტმა მიიღო, ამაზე კონკურსი გამოცხადდა 2017 წლის სექტემბერში და აქტიური კომუნიკაცია ამ ორგანიზაციასთან გვქონდა დეკემბრის თვეში", - განაცხადა თვალთვაძემ. 

რაც შეეხება "მადლიერების სახლის" ბენეფიციარების კლების შესახებ არსებულ ინფორმაციას, თვალთვაძე აღნიშნულსაც კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ "მადლიერების სახლის" ბენეფიციარების რაოდენობა იყო და რჩება 800, თუ ვინმე ამ სიას აკლდება, იმის გამო, რომ საკმარისი ქულები არ აქვს, სანაცვლოდ ემატება სხვა, რომლის ქულათა ოდენობა შეესაბამება მოთხოვნას.    

 ქუთაისის ვიცე-მერი არ ეთანხმება ასევე ინფორმაციას, რომ სააღდგომო ნობათის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა. მისი თქმით, მოხდა გადანაწილება და წელს "მადლიერების სახლმა" ბენეფიციარებისათვის თავად მოახდინა ნობათების შეძენა, რამაც გამოიწვია მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ნობათების რაოდენობის კლება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე