|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის ასი დღის ანგარიში- მითი და რეალობა

ქუთაისის მერიამ ასი დღის ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან პირისპირ საუბარს, "იმიჯმეიკერების" მიერ მომზადებული ვიდეო კლიპის წარდგენით ამჯობინა. როგორც ცნობილი გახდა, მერიამ ამ კლიპის დასამზადებლად 4800 ლარი გადაიხადა. 

კლიპის დასაწყისშივე ვიცე მერი ნინო თვალთვაძე გვეუბნება: "ჩვენი პირველი და მთავარი საზრუნავი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებია"... ახალი გუნდი ბიუჯეტში ცვლილებებს ითხოვს და ის სოციალურად უფრო ორიენტირებული ხდება- გვეუბნება ხმა კლიპიდან.   

რეალურად კი, ბიუჯეტში წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება მნიშვნელოვნად -  2 მილიონ 100 ათასი ლარით არის შემცირებული.  შემცირდა მადლიერების სახლის ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე შემცირდა სააღდგომო ნობათის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა.   

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 2017 წელს დაფინანსება 6 მილიონ 415 ათასი ლარია, 2018 - ში კი 4 მილიონ 313 ათასი ლარია. 

ქუთაისის ვიცე მერის ნინო თვალთვაძე "ნიუპრესთან" საუბარში ადასტურებს, რომ ბიუჯეტში სოციალური სფეროსათვის განკუთვნილი  ხარჯებისათვის თანხა მართლაც შემცირდა და ეს არის 2 მილიონ ლარზე მეტი, მაგრამ თანხა არ მოკლებია სოციალურ პროექტებს. ამას კი ის ახსნა აქვს,  წინა წლის ბიუჯეტში სოციალური საცხოვრისის მშენებლობისათვის 2 მილიონ  900 ათასი ლარი იყო განკუთვნილი, ბუნებრივია, 2018 წლის ბიუჯეტში ეს თანხა ვერ მოხვდებოდა, რამაც გამოიწვია ხარჯების შემცირება. წელს სოციალური საცხოვრისისათვის ბიუჯეტში თანხა არის განკუთვნილი, მაგრამ ეს ნახევარ მილიონ ლარამდეა. ნინო თვალთვაძის თქმით, სინამდვილეში სოციალური პროექტების დაფინანსება გაიზარდა.

კლიპში გვეუბნებიან, რომ წელს ბიუჯეტში პირველად ჩნდება აქცენტები მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი, შშმ პირების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად, რაც სიმართლეს შეესაბამება, თუმცა რაც შეეხება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების დაფინანსებას, ეს წინა წელსაც ხდებოდა.
 
ამასთან, ქუთაისის მერიამ  კომპანია „m 2 უძრავი ქონება“-სთან მოლაპარაკება მშობლების აქციის შემდეგ გამართა, რა დროსაც გადაწყდა, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების 1 წლის განმავლობაში სრულად დაფინანსება მათი ფინანსური დახმარებით მოხდება. 

კლიპში  გვეუბნებიან, რომ კონკურსში შშმ ბავშვების უფლებების დაცვის  საუკეთესო გამოცდილებისათვის ქუთაისის მერია დაჯილდოვდა - სინამდვილეში,  ეს ჯილდო ქუთაისის  მერიამ რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციისაგან 2017 წლის საქმიანობის გამო მიიღო, რაც ახლანდელი გუნდის დამსახურებად ნაკლებად ჩაითვლება. 

 

მერია თავს იწონებს "თეთრი ხიდის"რეაბილიტაციის პროექტით, რომელმაც ჯერჯერობით უამრავი შეკითხვა და საზოგადოების გულისწყრომა დაიმსახურა, რაც ხიდზე ქვების იმიტირებას უკავშირდება, ასევე რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც ჯერ მხოლოდ კითხვები და ზეპირი განცხადებები არსებობს. 

 სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ახალი გუნდის გადაწყვეტილების სპორტულ და სახელოვნებო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი გაუქმდა, რაც წინა მერის საქმიანობის ბოლო პერიოდში დაწესდა. 

 აგრეთვე სიმართლეა ის, რომ მესხიშვილის თეატრი საგასტროლოდ გაემგზავრა და ამაში თავისი წვლილი ქუთაისის მერიამაც შეიტანა.  

მერიის მიერ წარმოდგენილმა ანგარიშმა საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. 

"მგონია, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გავიღვიძე", -მოკლედ აფასებს კლიპს მესამე სექტორის წარმომადგენელი ილიკო ნაცვალაძე.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ კლიპში ქალაქის ახლანდელი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" დროს რეაბილიტირებული და აშენებული შენობებითა და ქუჩებით იწონებს და არაფერს ამბობს ჩინოვნიკებისათვის ხელფასების ზრდაზე.

"ძალიან სასაცილოა, რომ ამ საანგარიშო კლიპში მოხვედრილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ 2012 წლამდე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა რეაბილიტირებული და 6 წელია "ქართულ ოცნებას" არაფერის შეუმატებია მისთვის.
ეს კლიპი აცდენილია რეალობას და მასში არ არის საუბარი იმაზე, "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო როგორ დაკარგა ქალაქმა ფუნქცია, როგორ გარბის ქალაქიდან მოსახლეობა, იკარგება სამუშაო ადგილები და ღარიბდება მოსახლეობა. ამ კლიპში ვერ მოხვდა მერიის პირველსავე დღეებში მიღებული გადაწყვეტილება ხელფასების და ბიუროკრატიის ზრდაზე, რომლის გამოც თვითმმართველობის შენახვა ქუთაისელებს დამატებით 1 მილიონ 800 ათასი ლარი დაუჯდებათ. 
ეს ანგარიში მერიამ მხოლოდ საკრებულოს უმრავლესობას წარუდგინა და მან ვერ გაბედა ოპოზიციასთან ამ ანგარიშის განხილვა. ის ასევე არ ესწრება საკრებულოს სხდომებს და გაურბის კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებების მოსმენას
", -ამბობს გიგა შუშანია. 
 
 მისი თქმით, როდესაც მერი საუბრობდა მდინარე ოღასკურის სამუშაოებზე, ზუსტად იმ დროს არაკვალიფიციურად შედგენილი პროექტის გამო ჩავარდა მდინარის გაწმენდითი სამუშაოების და კალაპოტის მოწყობისათვის გამოცხადებული ტენდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი  დროულად ვერ განხორციელდება. ასევე მერიის თავმოუბმელობის გამო ჩავარდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებიც. 
 
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი კი  ინტერესდება,  თუ რატომ მოხვდა ანგარიშში "თეთრი ხიდისა" და რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის თემები. ხოლო გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს, ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. 
 
"გარევაჭრობის აკრძალვა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც ამ 100 დღეში მიიღეს, ამ ადამიანების პრობლემა არის სიღარიბე,  მძიმე გადასახადები და არა მოსაკრებლისგან მათი გათავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით მივიღებთ ასეულეობით გაღარიბებულ და ულუკმაპუროდ დატოვებულ ადამიანს", - აცხადებს ცამციშვილი. 
 
არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი კი აცხადებს, რომ წინა მერის მსგავსად, ვერც ახალმა მერმა წარმოადგინა ქალაქის განვითარების  ვერცერთი იდეა. 
"ვერ ვხედავთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქალაქში ეკონომიკურ განვითარებას წაახალისებს, აქცენტი სოციალური ტვირთის ზრდაზე კეთდება, რაც აპრიორი სოციალური მდგომარეობის გაუარესების აღიარებას ნიშნავს და დახმარებების ზრდა სიღატაკესთან მიღწეული მოსახლეობისთვის გრძელვადიანი პერსპექტივით ვერაფერი ნუგეშია.
სიდუხჭირის პირას მისული მოსახლეობა ქუთაისს ტოვებს და ამ ვითარებაში სასწარფოდაა მისაღები გადაწყვეტილებები, რაც საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს და კაპიტალს მოიზიდავს ქალაქში, რასაც ვერც მურღულიას დროს ვხედავდით და არც ახალი ადმინისტრაციის მიერ გასული 100 დღის მანძილზე გაწეეული სამუშაო მეტყველებს.
ერთი ხელისუფლების პირობებში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მერი ქალაქის განვითარების ახალ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას, რაც აქამდე არსებული პოლიტიკის სისუსტეზე მეტყველებს და მარცხის აღიარებაა, გეგმა კი თავისთავად არაფერს ცვლის და გარდა იმისა, რომ უაზრო ხარჯია, არაფერს ნიშნავს, თუკი მისი განხორციელება რეალობაში ვერ ხერხდება. 
 
100 დღის ანგარიშში საუბარია თვითმმართველობის საჯაროობასა და ღია მმართველობაზე, რაც ნამდვილად არაა ამ ადმინისტრაციის ძლიერი მხარე. ამაზე კონკურსისა და სამოქალაქო ჩართულობის გარეშე მიღებული საეტაპო პროექტად წოდებული "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც  მეტყველებს", -აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
 
  ქუთაისის მერიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს პოზიტიური შეფასებებიც არ დაკლებია, რაც კლიპის პრეზენტაციისას აპლოდისმენტებით გამოიხატა. 

  

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა