|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"40 თეთრს თუ გადავიხდი, 10 თეთრსაც დავამატებ" - სოციალურად დაუცველები მერიის შეღავათზე

როგორც დაანონსებული იყო, დღეიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. თითქმის ყველა სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულებამ 10 თეთრით მოიმატა.

მერიის გადაწყვეტილებით, შეღავათები დაუწესდათ რვა წლამდე ბავშვებს, რომლებიც, როგორც ავტობუსებით, ასევე მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ. ასევე შეღავათები დაუწესდათ სოციალურად დაუცველებს და ისინი კვლავ ძველი ტარიფით გადაადგილდებიან, თუმცა, მერიის ამ განცხადებას მოქალაქეებში გაურკვევლობა მოყვა. ნაწილი, თვითმმართველობისგან სრულად უფასო მგზავრობის ბილეთს ელოდა, მერიისგან მხოლოდ 10 თეთრიანი ბილეთები მიიღეს.

"ველოდით, ჩვენთვის მგზავრობა უფასო იქნებოდა, მაგრამ მერიაში დაგვიბარეს და ბილეთები გადმოგვცეს, რომლებიც 40 თეთრთან ერთად უნდა მივაწოდო მძღოლს. ასეთი დახმარება რად მინდა, 40 თეთრს თუ გადავიხდი,  10 თეთრსაც დავამატებ"-აცხადებს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი.

მისი ინფორმაციით, მერიისგან ოჯახის თითო წევრზე დაახლოებით 32 ბილეთი მიიღო.

მოქალაქეების შენიშვნა მიუღებელი აღმოჩნდა მერიისთვის.  როგორ მერიაში განაცხადეს, არ ყოფილა საუბარი უფასო მგზავრობაზე, საუბარი იყო ტარიფის არ გაძვირებაზე, რაც მერიამ შეასრულა და მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გაზრდილ ტარიფს არ გადაიხდიან.

თვითმმართველობის ინფორმაციით, გაძვირებული ტარიფისგან 13 000 მოქალაქე გათავისუფლდება, მათ შორის  გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება 1 150 სოციალურად დაუცველი ვეტერანი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახები და დღის ცენტრების ბავშვები. 

წელს სოციალურად დაუცველთა ძველი ტარიფით მომსახურებას გადამზიდი კომპანიები მოახდენენ, მომავალ წელს კი ამისათვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

თვითმმართველობას გაზრდილი ტარიფის გამო საკრებულოს"ლეიბორისტმა" დეპუტატმა სასამართლოში უჩივლა. თუ საქმე წარმოებში შევიდა, მერიას საკუთარი გადაწყვეტილების  სასამართლოში დაცვა მოუხდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი