|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას"

ქუთაისში, 9 აპრილის განახლებულ მემორიალთან დილიდანვე თავი მოიყარეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ეროვნული მოძრაობის წევრებმა, ჩოხოსნებმა, რიგითმა მოქალაქეებმა. მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით  და საქართველოს სამფეროვანი დროშებით შეამკეს, დაღუპული გმირების ხსოვნას სანთლები აუნთეს. 

მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირთა სულებს პატივი მიაგეს საქველმოქმედო ორგანიზაცია "მომავლის ფონდის" წევრებმა.

"დღევანდელი დღე გლოვისაა, მაგრამ ამავდროულად ზეიმიცაა, 28 წლის წინ, დაღუპული ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას, ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ, მათი დამსახურებაცაა, რომ  მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება ვერ შეძლო",-განაცხადა "მომავლის ფონდის" დამფუძნებელმა არჩილ ნიჟარაძემ.

ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს მემორიალის ახლანდელ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.

"მოვიშველიებ  მწერლის სიტყვებს - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, 9 აპრილს ამ ადამიანების სისხლი უაზროდ არ დაღვრილა,  პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას.  კარგია, რომ მემორიალი აქ გადმოიტანეს, ძეგლის აღქმა აქ უკეთ არის შესაძლებელი",-  განაცხადა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელმა  ედვარდ თუთბერიძემ. 

შეგახსენებთ, 9 აპრილის მომორიალური ძეგლი, რომელიც რეზო რამიშვილის მიერაა შექმნილი, მონ პლეზირის ტერიტორიიდან ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ცოტა ხნის წინ გადმოიტანესძეგლის მიმდებარე ტერიტორია კი ყვავილებით ქუთაისის "ბოტანიკურმა ბაღმა" მორთო. 

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათეულობით კი მომწამვლელი გაზით დაავადდა, 28 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს კი, 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

    

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე