|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა - ახალი და აღდგენილი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და 31 ოქტომბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება.

რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები 2 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. 

ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 28 სექტემბრიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კიდევ 4 მიმართულება დაემატება.

აღსანიშნავია, რომ „ვიზეარს“ საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი