|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების წინადადებამ საბერძნეთი აღაშფოთა

საბერძნეთის მთავრობა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინადადებით, აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს და მუზეუმის სტატუსი მოეხსნას, აღშფოთებულია.

„ეს არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს დიდი ტაძარია, ის ასევე ეკუთვნის კაცობრიობას. იუნესკო-მ ის ჩვენი გლობალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის სტატუსს ეხება არამარტო ქრისტიანების გრძნობების შეურაცხყოფაა, არამედ საერთაშორისო სამართლისაც“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ კატრუგალოსმა.

აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.

შესაძლო ცვლილებაზე თურქეთის პრეზიდენტმა, ტელეკომპანია „ტგრტ ჰაბერთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,  ტაძრისათვი მუზეუმის სტატუსის მოხსნისა და მისი მეჩეთად გადაყენების შემთხვევაში შენობაში შესვლა  უფასოდ იქნება შესაძლებელი.

„გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით", - აღნიშნა ერდოღანმა.

აია სოფიას ტაძარი ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში 537 წელს აშენდა. ოსმალეთის მიერ 1453 წელს ქალაქის დაპყრობის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი აქვს. 1985 წელს აია სოფია, ისევე როგორც სტამბოლის ისტორიული ცენტრის სხვა ძეგლები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.

ავტორი: ნიუპრესი