|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ გახსნილობამ მოუტანა პრეზიდენტს ასეთი მაღალი რეიტინგი"

მე ვფიქრობ, რომ ამ გახსნილობამ მოუტანა პრეზიდენტს ესოდენ მაღალი რეიტინგი - განაცხადა  პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ  შალვა შავგულიძემ საპრეზიდენტო კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია"  შეფასებისას.

 "ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის რეიტინგი არის ასეთი მაღალი მიუთითებს იმას, რომ პრეზიდენტს არ დაუკარგავს კავშირი საზოგადოებასთან,  ასევეა ის ოპოზიციურ ჯგუფებთან მიმართებაში, -პრეზიდენტი ყოველვთვის ცდილობს ყველა საჭირო საკითხზე გახსნას მსჯელობის ფართო შესაძლებლობა",-  განაცხადა შალვა შავგულიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.  

მისი თქმით, "ოთახში ჩაკეტილი" საკონსტიტუციო კომისიისაგან განსხვავებით, პრეზიდენტი საზოგადოებასთან განიხილავს მნიშვნელოვან საკითხს. თუმცა, კითხვაზე, თუ რამდენად გაითვალისწინებს განსხვავებულ  აზრს ხელისუფლება, შავგულიძე პასუხობს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას უკვე განსაზღვრული აქვს, რა ცვლილებები უნდა გაატაროს კონსტიტუციაში. 

"მე ნაკლებად მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება", რომელიც აბსოლულური უმრავლესობითაა წარმოდგენილი, როგორც პარლამენტში, ასევე საკონსტიტუციო უმრავლესობაში და გადაწყვეტილების  მისაღებად საკმარისი რაოდენობა აქვს, დიდ ანგარიშს გაუწევს განსხვავებულ პოზიციას, თუმცა, შეიძლება რაღაც გაითვალისწინოს, თუ ეს პროცესი საზოგადოების ფართო ფენებისაგან იქნება მხარდაჭერილი. ამისათვის აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიებიც", -აღნიშნა მან. 

"საჭიროა ბრძოლა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შევძლოთ, სხვა შემთხვევაში, ცარიელ სიტყვებად დარჩება "ქართული ოცნების" განაცხადი  ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე.  "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ქვეყანა დააცილა ევროპულ სტანდარტებს და ძალიან დაამსგავსა რუსულს",-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, ქუთაისში საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე